რეზო ჩხიკვიშვილი

არ მიყვარს მსახიობები . უცნაური ხალხია-მეთქი ყოველთვის ვამბობდი. უფრო სწორად მათი ექსტენრიულობა და ეგოცენტრიზმი არ მიყვარს, კაცმა არ იცის როდის რას მოიმოქმედებენ. არც ისე ბევრ მსახიობს ვიცნობ, მით უმეტეს არ ვიცნობ ე.წ თეატრისა და კინოს კორიფეებს , ფესტივალზე კი რას და ვის არ ნახავ, მათ შორის ალექსანდრე ჩხიკვიშვილსაც, რომლის მასტერკლასზეც დღეს ვიყავი სწორედ.

თეატრისა და კინოს მსახიობები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობენ რომ არტისტი არტისტია და ამით ყველაფერი მორჩა. კინომსახიობები გაცილებით ცივები, თავშეკავებულები და ნაკლებად კონტაქტურები არიან, თავი შორს უჭირავთ მაყურებლისგან. თითქოს მათი ნიჭი და შესაძლებლობები ფილმში რჩება. თეატრის სცენაზე მეტი უშუალობა სჭირდება ადამიანს. მეტი ნიჭიც და მუშაობაც.

არ გეგონოთ, ამას მე ვქადაგებდე, ის, ვისაც ბევრი არაფერი გაეგება , რა ხდება სცენისა თუ რეჟისორის კამერის უკან. სწორედ რეზო ჩხიკვიშვილმა ისაუბრა თეატრისა და კინოს სპეციფიკაზე და რასაკვირველია,  ხაზი გაუსვა თეატრის მსახიობების უპირატესობას. როგორც ჩანს, თეატრი მართლაც მისი მეორე სახლია. დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით ისაუბრა თავის კარიერაზე, პირველ როლსა და წარმატებაზე. ალბათ ხელოვანი ადამიანების “დაავადებაა” , დაწვრილებით გიამბონ თავიანთ შესაძლებლობებსა და მიღწევებზე და თავი აარიდონ ზოგად განმარტებებს. ისინი არაფერს გასწავლიან, უბრალოდ ლაპარაკობენ და ისღა დაგრჩენია მათ მიერ გაკვალულ გზას მიყვე.

რეზო ჩხიკვიშვილი ერთ-ერთი ჟიურის წევრიცაა და შესაბამისად, პასუხის გაცემა მოუწია კითხვაზე, როგორი იყო ნანახი ფილმები და მოეწონა თუ არა რომელიმე მათგანი.

“ზოგიერთი კი, ზოგიერთი არა” – იყო პასუხი: ზუსტად ისეთი, როგორსაც ველოდებოდი.

გამომდინარე იქიდან, რომ მისი კარიერის უმეტესი ნაწილი გერმანიას უკავშირდება, ვერ ასცდა პარალელის გავლებას ქართველ და გერმანელ რეჟისორებს შორის. ჩემი სუბიექტური აზრით, ისინი ბევრად წინ არიან საქართველოსთან შედარებით, თუმცა მსახიობის პასუხი ალბათ ტაქტიანი უფრო იყო ვიდრე გულახდილი:

“ორივე თავისებურია და მიჭირს შედარება”

სამაგიეროდ საკმაოდ ბევრი ისაუბრა გერმანელ და ქართველ მაყურებელზე და აღნიშნა თუ რა დაუნდობლები არიან გერმანელები: ისინი არ მოგერიდებიან თუ შენი თამაში არ მოეწონათ, პირდაპირ მიგანიშნებენ ამაზე და სცენაზე გამოსვლა და მაყურებლისთვის თავის დაკვრა ყველაზე მძიმეა ხელოვანი ადამიანებისთვის: ამ დროს გინდა ისმენდე კმაყოფილების გამომხატველ შეძახილებს, ტაშს და ვაი მაშინ, თუ მაყურებელს მიწოდებული პროდუქტი არ მოეწონა!

თუმცა, როგორც ჩანს, მას გაუმართლა: გერმანიაში გამართული პირველივე სპექტაკლი წარმატებული აღმოჩნდა. ამბობს რომ ყველაზე დიდი შრომა და ენერგია სწორედ მასში ჩადო: იმიტომ რომ ის პირველი იყო , იმიტომ რომ ამ თამაშით უნდა დაემტკიცებინა თავის შესაძლებლობები და როგორც ქართველებს გვჩვევია, მშობლიური ქვეყანა ესახელებინა 🙂 არ ვიცი ეს უკანასკნელი ფაქტორი რამდენად დიდ როლს თამაშობდა ქართველი მსახიობის წარმატებაში, მაგრამ ასეა თუ ისე, მას არც ქართველების და არც უცხოელების ტაში და მოწონება არ აკლია.

რაღა დაგიმალოთ და მეც მომწონს ის. უფრო სწორად მისი დამოკიდებულება მსმენელის მიმართ.

4 thoughts on “რეზო ჩხიკვიშვილი

  1. გვირილა ამბობს:

    პრესკაფე ^_^

    ვერც ერთ მასტერკლასზე ვერ მივედი, ჯანდაბას ჩემი სამსახური!
    ჩხიკვიშვილიო კაი როჟაა ისე. მე მთლად კარგად არ ვიცნობ, მარა ჩემი და ფანია მაგის 😀

Comments are closed.