გეორგ დულგეროვის მასტერკლასი და ნამდვილი მთვარე

დღეს 4 საათზე, პრესკაფეში ბულგარელი რეჟისორის, გეორგ ჯულგეროვის მასტერკლასი გაიმართა. სამწუხაროდ ცოტა დავაგვიანე. რეჟისორი უკვე აზარტში იყო შესული და გატაცებით ყვებოდა ფილმების გადაღების სპეციფიკასა და ზოგადად კინოს არსზე. აშკარაა, ის კინოში მთელი მონდომებას აქსოვს: არც ერთი მისი სიტყვა არ იყო ყალბი და წინასწარ დაგეგმილი.

რა თქმა უნდა, ეს არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი მასტერკლასი მისთვის და განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ მთელი გულით უყვებოდა დამსწრე საზოგადოებას , როგორ კეთდება მის სამშობლოში ფილმები და როგორ უნდა მოიქცეს რეჟისორი, რა გაითვალისწინოს, როგორ ააგოს ფილმი. მან დამწყებ რეჟისორებს საინტერესო რჩევა მისცა: არასდროს დაავიწყდეთ ამომავალი წერტილი, საიდან დაიწყეს და სად ასრულებენ ფილმს..

მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია მსახიობებს შორის წარმოიქმნას გულწრფელი დამოკიდებულებები, რათა სათქმელი მაყურებლამდე სრულყოფილად იქნას მიტანილი .

საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ მან სრულიად უარყო კითხვა-პასუხი რეჟიმი და ფაქტიურად პატარა პერფომანსი დაგვიდგა- მშვენივრად აღწერა რა ემოციებით და როგორ მიდის ფილმზე მუშაობის პროცესი, თუმცა მას თითქმის არ უსაუბრია ზოგადად ბულგარული კინოს განვითარებაზე, იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს პოლიტიკური ვითარება ფილმებზე, ხდება თუ არა რეჟისორების შევიწროვება და რა ტემპით ხდება კინოინდუსტრიის განვითარება. როგორც ჩანს ტექნიკურ დეტალებზე მეტად შემოქმედებითი პროცესები და უშუალოდ პროდუქტის შექმნა იტაცებს და არა გარემო, სადაც იქმნება ეს პროდუქტი. როგორც ჩანს, ყველაფერი კარგადაა, განსხვავებით ირანული კინოსაგან, სადაც როგორც წინა პოსტში ვისაუბრე, წინსვლა და განვითარება ძალიან ჭირს.

ის ერთ-ერთი იშვიათ რეჟისორთაგანია, რომელიც არ შემოფარგლულა პრიმიტიული პასუხებით კითხვებზე: როგორ მოგწონთ ბათუმი? რომელია თქვენი ფავორიტი ფილმი და ა.შ… მოკლედ რომ ვთქვათ, მისი მასტერკლასი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტთაგანია.

რაც შეეხება დღევანდელ ფილმებს, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი, ტაჯიკელი რეჟისორის, ნოსირ საიდოვის ფილმი, “ნამდვილი მთვარე” ვნახე. არ იყო ცუდი, თუმცა ევროპული და ზოგადად კინოსთვის კარგად ნაცნობი სიუჟეტით: რჩეულის თავგანწირვა იმისთვის, რომ რაღაც ბევრად მნიშვნელოვანი გაკეთდეს :

მოქმედება ვითარდება პატარა სოფლის ტიპის დასახლებაში, სადაც უეცრად სასაზღვრო ზოლი გაივლება და მცხოვრებლები ერთმანეთს ვეღარ უკავშირდებიან, ერთი ნაწილი მოწყვეტილია საავადმყოფოს, სკოლას და სხვა საჭირო პუნქტებს: მეტი სიმძაფრისთვის ინაღმება საზღვარი და შეყვარებული წყვილის ქორწინებას შესაძლოა სამუდამო საფრთხე დაემუქროს.  მთავარი პერსონაჟი, მოხუცი რუსი ხელსაწყოს დახმარებით აღმოაჩენს ნაღმებს და უსაფრთხო ბილიკს გააკეთებს, თუმცა ერთ-ერთი ნაღმი გამორჩება და სწორედ მასზე აფეთქდება.

საკმაოდ ხარისხიანად გადაღებული, თუმცა გრძნობებს მოკლებული ფილმია. მაყურებელი უკვე შეეჩვია ტრაგიზმს და მრავალჯერ გადაღეჭილ სიუჟეტს, თუმცა ვფიქრობ, არც ტაჯიკეთის და არც ირანის კინემატოგრაფიის განვითარების ფონზე, მსგავსი ფილმების მომრავლება არ უნდა გაგვიკვირდეს: კარგად დავიწყებული ძველი ერთგვარი ეგზოტიკაც კია მაყურებლისთვის და სიამოვნებით სანახავიც..

დღეს საღამოს ორი ფილმი მელოდება : “არდადეგები ზღვაზე” და “აუცილებელი მკვლელობა” – ვბრუნდებით ევროპულ კინემატოგრაფიაში.

2 thoughts on “გეორგ დულგეროვის მასტერკლასი და ნამდვილი მთვარე

    • anna says:

      ებიჭო, მისწორდება ამათი წერა, მართლა :დ
      ვერ ხედავ რა გულიანად ჩავიწერე მასტერკლასი, თან ჩემი რუსულის პატრონმა? იამაყე ჩემით ქალოვ!@

Comments are closed.