დარიუშ მეჰრუჯის მასტერკლასი და ირანული კინოს დღე

დღეს 12 საათზე აპოლოში ირანელი რეჟისორის, დარიუშ მეჰრუჯის პრესკონფერენციაზე აღმოვჩნდი . ქართველი რეჟისორების შემდეგ სწორედაც რომ მაინტერესებდა , როგორ ვითარდება უცხოური კინემატოგრაფია, არის თუ არა ისეთივე მძიმე ვითარება, როგორიც ჩვენთან, მით უმეტეს რომ რეჟისორი ირანელია და მოგეხსენებათ, როგორ იზღუდება ქვეყანაში ის სიკეთე, თავისუფლებას რომ უწოდებენ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ფარაჯანოვით დაიწყო: რეჟისორმა ქართული კინემატოგრაფიის ცოდნა ზემოთხსენებული რეჟისორით დაიწყო და დაამთავრა. რატომ ფარაჯანოვი? ამაზე ერთ-ერთმა მსმენელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა: ქართველებს ყველაზე ნაკლებად სწორედ მისი ფილმები გვაქვს ნანახი და შესაბამისად, ჩამჭრელ კითხვებს ვერ დასვამენო.. არ ვიცი რამდენად სწორი შენიშვნა იყო ეს, მაგრამ ფაქტია, დარბაზს კითხვებით თავი მართლაც არ შეუწუხებია, ამიტომ რეჟისორმა თავის მიღწევებზე განაგრძო საუბარი.

მარჯვნივ- დარიუშ მეჰრუჯი

მას არაერთი ირანელი რეჟისორისგან განსხვავებით წარმატებული კარიერა აქვს და სამოცამდე ჯილდოს მფლობელიცაა. თუმცა, ირანში წარმატების მიღწევა იოლი არ არის. ამბობს რომ ფილმები ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება და შესაბამისად, ნაკლებად ასახავს რეალობას. საავტორო კინოს განვითარება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს და რეჟისორებს ხშირად ექმნებათ პრობლემები მთავრობასთან.

თავად მეჰრუჯის ინტერესის საგანი ქალთა უფლებებია: ფილმების რაოდენობა ამაზე მეტყველებს კიდეც. “ლეილა” – ფილმი, რომელიც ფესტივალზე იყო წარდგენილი სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო.

ლეილა

ფილმში მოქმედება ვითარდება შეყვარებულ ცოლ-ქმარს შორის, თუმცა როცა ირკვევა, რომ ცოლი უნაყოფოა, ოჯახი დილემის წინაშე დგება: ქმარმა მეორე ცოლი უნდა შეირთოს, რომელიც მას შვილს გაუჩენს. წყვილი ერთად იწყებს ცოლის შერჩევას…

სწორედ ასეთი საჭირბოროტო თემატიკის გამო ირანული კინო თანდათან უფრო დიდ მოწონებას იმსახურებს ევროპაში, მიუხედავად იმისა, რომ იზღუდება ფილმების გადინება საერთაშორისო კინოსივრცეში და ეს რა თქმა უნდა, ისევ პოლიტიკური ვითარებითაა გამოწვეული.

მოსმენილმა ანოტაციამ საკმაოდ დამაინტერესა , თუმცა ფილმი რიგი მიზეზების გამო ვერ ვნახე და ძალიან მწყდება გული.

სამაგიეროდ, ვიდრე “რიგი მიზეზები” გადამეღობებოდა წინ, მოვახერხე სხვა ფილმის ნახვა, ასევე ირანელი რეჟისორის ვაჰიდ მუსაიანის ფილმი “გოლჩერეჰი”, სადაც სწორედ ზემოთხსენებულ პრობლემაზე – ქვეყანაში კინემატოგრაფიის განვითარებაზე იყო აქცენტი გაკეთებული.

მთავარი პერსონაჟები დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ თალიბანის ზეწოლას გაუმკლავდნენ, ხალხის ცნობიერება კინოს მეშვეობით გაწმინდონ საუკუნეების მანძილზე მათში გამჯდარი მახინჯი ტრადიციებისგან . ფილმი საკმაოდ გაწელილი, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა. შინაარსიდან გამომდინარე, ვფიქრობ რეჟისორს არაერთი დაბრკოლება შეხვდებოდა გადაღებისას .

საინტერესოა ირანული კინემატოგრაფია. არაერთ ევროპულ პროდუქტს ვარჩევდი. შესაძლოა იმიტომაც, რომ ფილმებში აღწერილი ვითარება ყველასთვის, მათ შორის ჩემთვისაც საინტერესო და ახალია.

3 thoughts on “დარიუშ მეჰრუჯის მასტერკლასი და ირანული კინოს დღე

  1. teoslogia says:

    ირანული კინო ხელოვნება ეგზოტიკურია,ირანულ კინემოატოგრაფიას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ადამინის მიმართ..სამწუხაროდ აღნიშნული ფილმი არკმინახავს,მაგრამ მიმოხილვითაც ჩანს ადამიანთა ბედის მთხრობელია,ბედისა ,რომელიც ზედმეტად რეალისტურია 🙂

Comments are closed.