ცრემლები და მუსიკალური საღამო- დღე მეორე

როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, მეორე დღეს ველოდი დიდი ინტერესით, იმედი მქონდა , ერთ კარგ ფილმს მაინც ვნახავდი. ამჯერად იმედი არ გამცრუებია, პირიქით, არა ერთი, არამედ ორი ძალიან ძალიან კარგი ფილმი ვნახე.

ერთსაათიანი დაგვიანებით, მაგრამ ბოლოსდაბოლოს დაიწყო when we leave – გერმანული ფილმი, თურქი ოჯახის ტრაგედიაზე .

პირველივე სცენა ძალიან მძიმეა, აბორტი. მთავარი გმირის ბედი ტრაგიკულია. ის იშორებს საძულველი ქმრისგან ბავშვს და უკვე წამოზრდილი შვილით ტოვებს სახლს. სიხარულით არც მამის ოჯახში ხვდებიან.. ტრადიციები, ტრადიციები, ტრადიციები. ბოზის სტატუსი  და მუდმივი დევნა და ზეწოლა ოჯახის წევრებისგან, რომელთაც ოდესღაც ის უყვარდათ. თუმცა უყვარდათ უსიტყვო მორჩილების გამო.

ძალიან საზიზღარი  იყო იმის გაცნობიერება, რომ ჯერ კიდევ არსებობს ქვეყნები, სადაც ტრადიციებისგან მცირედი გადახვევაც კი ზოგჯერ სიცოცხლის ფასად უჯდება ადამიანს .

რეჟისორმა არაჩვეულებრივად მოახერხა იმ მანკიერებების “გამოფენა”, რასაც უმეტესწილად მალავენ ხოლმე და ქმნიან ფონს, “ჩვენს ირგვლივ ყველაფერი რიგზეა” . უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი იყო, რამაც მეც და დარბაზიც გვატირა. მიუხედავად იმისა , რომ ცრემლების თავიდან აცილებას ვცდილობ ხოლმე, სიამოვნებით ვუყუებდი მეორედ ამ ფილმს.

პანიკამ და ცრემლებმა რომ გადამიარა, რაღაცნაირად გამეხარდა . გამეხარდა ის, რომ ვცხოვრობ გარემოში, სადაც შემიძლია ნებისმიერ მახინჯ ტრადიციას წიხლით გადავუარო და ვიცხოვრო თავისუფლად . მოკლედ, ბრძნული შეგონებები რომ დავასრულო, გირჩევთ, ნახეთ ეს ფილმი 🙂

მერე რამდენიმე საათიანი შესვენება მოვიწყვე, გამოვტოვე ორი ფილმი, რომელთა დასაწყისები ვნახე მხოლოდ და ლიტერატურულიდან გვიან , საღამოს სეანსზე დავბრუნდი: when you are strange – დორსის შექმნის, განვითარების , კრახის და “აღზევების” მომენტები ვიხილე. გავიგე ის რაც არ ვიცოდი, გადავიმეორე ის, რაც ვიცოდი – ნამდვილად ღირდა 27იანების ღირსეული წევრის ცხოვრების დოკუმენტური კადრების ნახვა.

ჰო, ასეთ დროს ვფიქრობ, ალბათ ყველა მუსიკოსი და ზოგადად შემოქმედი კარგა გვარიანად უბერავს 🙂 ამ ფიქრების ფონზე ჩემს თავში ვთრგუნავ ხოლმე შემოქმედებით პროცესებს და ვცდილობ არ დავკარგო ჩემი უბრალოება : ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, არ მინდა გავაფრინო 😀 დაე ნუ ვიქნები პოპულარობის ზენიტში და ნუ გადაიღებენ ჩემზე ფილმს 😀

მოკლედ, პოსტი აქ რომ დავასრულოთ და შევაჯამოთ ყველაფერი, მშვენიერი დღე იყო : კარგია ორი გემრიელი ფილმი . მეტისმეტად კარგიც კი, ჩემებრ კრიტიკულად განწყობილი ადამიანისთვის .

ველოდები დღევანდელს- მესამე დღეს.