დილის ფიქრები მონაზვნობაზე

რამდენიმე დღეა მეგობართან ვრჩები. დილით , როცა ვიღვიძებ, სამი საათი საკუთარი თავის ანაბარად ყოფნა მიწევს და ან ლეპტოპში ვრგავ ცხვირს, ან ქეთის ბაბუას ველაპარაკები, რომელიც დროდადრო შემოიხედავს, მძინარე შვილიშვილს დანანებით გადახედავს და მერე ცდილობს “ამ უაზრობას” ლიტერატურაზე და დაღუპულ გმირებზე საუბრით მომწყვიტოს.

ალბათ მოხუცისთვის საშინელებაა იმის დანახვა, როგორ სძინავს შუადღის სამ საათამდე ქალს, რომელიც წესით ამ დროს ჯარასავით უნდა ტრიალებდეს და როგორ ზის მისი მეგობარი სრულიად უცხო და გაუგებარ ნივთთან საათობით, როცა ცხვირწინ ამდენი საინტერესო წიგნი უდევს .

-სოლომონ დოდაშვილი იცი ვინ იყო?

-არა, არ ვიცი- ვამჯობინებ სიმართლე ვაღიარო, რადგან ვიცი, სავარაუდო კითხვებს დოდაშვილზე , დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩემი მწირი ცოდნა ვერ გაწვდება.

-ბარათაშვილი და ილია ალბათ გეცოდინება.. ჯავახიშვილი? – იმედის თვალით მიყურებს და ვგრძნობ, პასუხი ახარებს.

-იცი, ეს ქალი 12 წლის მივიდა მონასტერში და იქვე გარდაიცვალა- მანიშნებს უცებ თაროზე შემოდებულ ფოტოზე. მე საუბრის უეცარი შეტრიალებისგან თვალები მიფართოვდება. უფრო სწორად წამებში წარმოდგენილი სამონასტრო ცხოვრება მაშფოთებს.. ბაბუა რამდენიმე წამით ფიქრობს და ოთახიდან გასვლამდე ყავას მთავაზობს, მეკი ვაგრძელებ ფიქრს მონაზვნად აღკვეცილ ქალზე და ვიხსენებ, ბოლოს როდის წარმოვიდგინე თავი თალხ სამოსში, ხატებთან მლოცველი.

…ბავშვობაში მე და ჩემი დეიდაშვილი  ერთმანეთს ხშირად ვეჯიბრებოდით, თითქმის ყველაფერში.

-მონაზვნად აღიკვეცებოდი? – არ ვიცი რომელმა ჩვენგანმა დაუსვა მეორეს ეს კითხვა პირველად.

-დედაჩემი თუ ნებას დამრთავს, კი – კარგად მახსოვს დეიდაშვილის პასუხი.

ამ დემაგოგობაზე გავბრაზდი და დავძინე, რომ არავის ნებართვა არ მჭირდებოდა ამისათვის, მაგრამ მონაზონი ჩემგან არასდროს დადგებოდა და ლამის ვიჩხუბეთ ამაზე. რა თქმა უნდა წარმოუდგენლად მივიჩნიე 13 წლის გოგოსგან მსგავსი ზეაღმატებული ფრაზები და იმის წარმოდგენამ რომ მისი თავი “იდეალისტური” და ამაღლებული ფიქრებით იყო გამოტენილი, რომელთა სისრულეში მოყვანას ბოროტი დედიკო უშლიდა ხელს, ცოტა არ იყოს გამაცინა. ამის მერე კიდევ რამდენჯერმე წარმოვიდგინე ჩემი თავი მონაზვნის როლში, ისიც მაშინ, როცა შემთხვევით რაღაც სიუჟეტებს ვუყურე ტელევიზორში. რამდენიმე წელია ამაზე არ მიფიქრია . რატომ?

არასდროს მწამდა ღმერთის საკმარისად.

არასდროს მქონდა ნებისყოფა საკმარისად.

და ბოლოს, არასდროს მესმოდა მსხვერპლშეწირვის დანიშნულება საკმარისად.

ერთსაც გავიხსენებ და მოვრჩები: ადრე, სამებაში ვიყავი ასული , სამიოდე წლის წინ. ბიჭის საუბარს მოვკარი ყური, მონასტერში უნდოდა წასვლა. რაღა დაგიმალოთ და შორიდან ვიცნობდი კიდეც და ვიცოდი, როცა ეკლესიაში არ იყო, ან ეწეოდა, ან სვამდა – რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში  : ) ავდექი და ვკითხე, რატომ უნდოდა ბერად აღკვეცა. უიმედო და სასოწარკვეთილი პასუხი მოვისმინე: საერო ცხოვრებაში არაფერი გამომივა, რა დადგება ჩემგან კაცმა არ იცის და ბარემ მონასტერში წავალო. მშვენიერია, მშვენიერი: ერთ ორ წელსაც მოვიცდი, იქნებ ჩემგან რამე დადგეს, მერე ავდგები, ცოდვებს მოვინანიებ და მეც მონასტრის გზას გავუყვები, მით უმეტეს აკრძალვებს არავინ მიწესებს და საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავადვე გახლავართ.

არადა დღემდე კარგად ვიცი, რომ ჩემგან არათუ მონაზონი, არამედ წესიერი მორწმუნეც კი ვერ დადგება ვერასდროს. ბოლოსდაბოლოს, კარგად ვიცი რისი ტრაკი მაქვს. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, სჯობს ისევ დოდაშვილის ბიოგრაფიას გავეცნო, ეგებ კიდევ დამჭირდეს რამეში და სამომავლოდ აღარ შევრცხვე 🙂

7 thoughts on “დილის ფიქრები მონაზვნობაზე

  1. Mari says:

    ეგრე ვერავინ აღიკვეცება, ვერც ბერად და ვერც მონაზვნად, აქაო და საერო ცხოვრებას ვერ ვეგუები, ეგებ იქ მაინც ვივარგოო. თავშესაფარი კი არ არის :\

  2. ბესიკი says:

    “თავშესაფარი კი არ არის :\”
    …თავშესაფარია, თავსაცდელია, თავსინანულია, თავმდაბლობაა…
    თუ ვერ ხვდები და არც გინდა მიხვდე, აჯობებს საერთოდ არ იფიქრო ამაზე.
    თუ ვერ ხვდები და გაინტერესებს, შეგიძლია სტუმრად ეწვიო ერთი დღით, ორით, ერთი კვირა, ერთი თვე…
    ….გაგარკვევენ.
    ისე მეც ვიცი ეგ ისტორია (არ ვიცი ერთი და იგივე პიროვნებაზეა თუ არა). ვიცი მონაზონზე, რომელიც 12 წლისა აღიკვეცა და ღრმად მოხუცი მიიცვალა.

    ……………………ერთად ერთი სახელი აფიქრებდა მხოლოდ. პირველი შეყვარებულის.(თუ არ ვცდები ლექსიცაა მასზე დაწერილი. ყოველ შემთხვევაში ეს ისტორია იქიდან გასკდა რომ კედელზე ამოტვიფრა მისი სახელი)

    • anna says:

      შეყვარებულის არა, ქმარი დაეღუპა, 12 წლის გათხოვდა და ძალიან მალე დაეღუპა ქმარი, მას მერე მონასტერში წავიდა და იქვე გარდაიცვალა. ალბათ მაგაზე ამბობ შენც :))

Comments are closed.