ბოზობით მოყენებული ზიანი

დღეს ადოს პოსტს ვკითხულობდი და მეც მომინდა დამეწერა. რადგან ბიჭი არ ვარ და შესაბამისად პიდარასტი არავის ვეგონები, მოდი ისევ  ბოზობაზე ვისაუბრებ🙂

ძალიან დიდი ხანია შევეჩვიე ე.წ ნაგულავები ქალის, ბოზის და კიდევ სხვა მრავალი სახელწოდების ქვეშ არსებობას გარკვეულ წრეებში, რაც ასევე ძალიან დიდი ხანია აღარ მაწუხებს, შესაბამისად, როცა ჯერ კიდევ მანქის პოსტი დაიწერა, დამეზარა გარემოებების ჩამოთვლა და გახსენება, სადაც და როცა გარშემომყოფები ჩემს ბოზობას აღუშფოთებია, მაგრამ რაღაცები გამახსენდა და ვფიქრობ, დასაწერი მეც ბევრი მაქვს:

ჯერ კიდევ 14 წლის ვიყავი და საჩხერეში ვცხოვრობდი. ერთ მშვენიერ დღეს, ბავშვებმა სკოლაში მიმავალი ჩემზე ბევრად უფროს კაცთან საუბრისას დამინახეს და უკვე მეორე დილით, ყველას პირზე ეკერა ფრაზა, ანა ბოზია. ამ ჭორის აგორება რამდენიმე ფაქტმა გააიოლა: პირველ რიგში იმან, რომ “მოტკეცილი” ჯინსები და მაისური მეცვა, იმან, რომ “ჩვეულებრივზე” მხიარული და კომუნიკაბელური ვიყავი და იმან, რომ დედაჩემი და მამაჩემი გაშორებულები იყვნენ და როგორც წესი პროვინციებში ყველა უმამო გოგო ბოზია, მით უმეტეს უცნობ კაცებთან დღისით მზისით მოლაპარაკე.

ეს ფაქტი მალევე მივივიწყე, ოდითგანვე ფეხებზე მეკიდა ირგვლივ მყოფების დამოკიდებულება ჩემს მიმართ, მაგრამ კიდევ დიდხანს მესმოდა ხოლმე სკოლის ეზოში გავლისას ჩემ მიმართ მოძახებული უხამსი ფრაზები.

ერთი წლის მერე შემიყვარდა, ჩემივე სკოლელი და მაშინ მივხვდი, რა ზიანის მოყენება შეეძლო ჩემს ბოზის იმიჯს ჩემი სიყვარულისთვის. ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი, თუმცა მას არ შეეძლო აღიარება რომ ის გოგო უყვარდა, რომელზეც მთელი სკოლა ჭორაობდა, რომელთანაც მთელ სკოლას, მათაც კი, ვისაც არ ვიცნობდი სექსი ჰქონდა…

ყველაზე მტკივნეული რამეა, როცა გეუბნებიან, რომ შენთან იმიტომ ვერ იქნებიან, რომ ჭორების ობიექტი ხარ და შენ გვერდით გამოჩენის რცხვენიათ. მტკივნეულს რომ თავი დავანებოთ, გულისამრევია.

რამდენიმე თვე დამჭირდა შეგუებისთვის და იმის აღსაქმელად რომ ამიერიდან ჩემს სტატუსს არაფერი ეშველებოდა და მუდამ იარსებებდა ჩემს ირგვლივ ხალხი, რომელსაც ჩემი ქმედებების , გარეგნობის და თუნდაც ნააზრევის გამო ჩემზე იგივე აზრი გაუჩნდებოდათ, რაც სკოლაში. სკოლა საჩხერეში არ დამიმთავრებია, ავდექი და წამოვედი. წამოვედი იმიტომ რომ ბოლოსდაბოლოს მომბეზრდა ჩემზე მოშტერებული ეჭვნარევი და ირონიული მზერების ატანა.

რაც აქ გადმოვედი, არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში აღარ შემქმნია მსგავსი პრობლემა და ვიდრე ვინმეს შეყვარებას გადავწყვეტ ხოლმე, კარგად ვამოწმებ მისი ხისთავიანობის კოეფიციენტს. ასეა თუ ისე, ჯერჯერობით აღარც ვიწრო შარვალი და აღარც მოკლე კაბა დისკომფორტს არ მიქმნის.

რამდენიმე დღის წინ, როცა ნათიასთან სოფელში ვიყავი, ჩემმა ბოზობამ ისევ იჩინა თავი: დიდი ხანია არ მიგრძვნია, როგორია ურთიერთობა ხალხთან, რომელსც მოკლე შორტების გამოც კი შეიძლება “ნაგულავები” და “ატეხილი” ეგონო და ეს უკანასკნელი მოგაძახოს კიდეც🙂 დიდი ხანია არ მიგრძვნია თვალის გამოყოლება და მზერა: “მე ყველაფერი ვიცი , შე ოხერო, შენა”

ბავშვობაში და ადრეულ ყმაწვილქალობაში მსგავსი სტატუსები და ჭორები ძალიან მიშლიდა ნერვებს და ჭკუიდან გადავყავდი, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერს თავის ხიბლი აქვს: მივიწყებულ მეძავის და ღვთისპირიდან გადავარდნილის სტატუსსაც კი  :)

26 thoughts on “ბოზობით მოყენებული ზიანი

  1. Abrielle says:

    მთელი ცხოვრება მინდოდა ჩემი მშობლები გაყროდნენ ერთმანეთს.🙂

    ხალხის მიერ მოკერებული სტატუსები კიდევ დაიკიდე.
    მეტი მაინც არაფერი შველის მაგას.

  2. flamperaNodo says:

    დარწმუნებული ხარ რო გკიდია? :))
    ამას არ დაწერდი მემგონი ისე🙂
    ნუ უაზრობაა გეთანხმები ეგ ყველაფერი სხვა ბევრთან ერთად, დაიკიდე🙂

    • anna says:

      იყო დრო, ძალიანაც არ მეკიდა და ამაზე არც ვამახვილებდი ყურადღებას : )))
      ახლა მართლა დავიკიდე და დარწმუნებული ვარ ამაში ;დ

      • Nodo says:

        ჩემი აზრით ადამიანი მაშინ ამახვილებს რაღაცაზე ყურადღებას როცა არ ჰკიდია, რო დაიკიდებს მერე ეკიდება.
        ანუ ხო გაგიგია ისე მკიდია რო დაჟე არც მკიდია პონტი იქნება რა😀

    • Mari says:

      მე კი მგონია, რომ ადამიანი მაშინ იწყებს თავის მტკივნეულ თემაზე ლაპარაკს, როცა უკვე გაუვლის და დაიკიდებს.

      • Nodo says:

        😀 ხო შეიძლება, აი მე მკიდია და დღეს მედვედევზე და პუტინზე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მკიდია ისინი😀

  3. giuna says:

    რა “საზოგადოებაშიც” ცხოვრობ იმის ნაწილი ხარ ძალაუნებურად (მიუხედავად იმისა გინდა თუ არა ეს), ასე რომ რაც არ უნდა გეკიდოს მათი რეაქცია, ის მაინც მოახდენს გავლენას შენ ფსიქიკაზე (მცირე დოზით მაინც)

  4. avto says:

    🙂 ანნა მე შენ მომწონხარ, :* ძაან მაგარი ხარ რა.. :*

  5. teennewson says:

    მომეწონა.. კარგი პოტია და შენი დამოკიდებულება კიდევ უფრო კარგი.. დაიკიდე და მორჩა, მთავარია ყველგან ის იყო, რაც რეალურად ხარ…

  6. ადო says:

    ❤ (ამ ნაკლებობის ნიშანსა და სამიანით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მიყვარხარ) ასეთი გულახდილი პოსტები წერე ძალიან ბევრი, ან.

  7. ლინა says:

    “როგორც წესი პროვინციებში ყველა უმამო გოგო ბოზია, მით უმეტეს უცნობ კაცებთან დღისით მზისით მოლაპარაკე.”ეგ ძალიან ნაცნობი და “მშობლიურია”ჩემთვის.რაც შეეხება დაკიდება-არდაკიდების საკითხს,როცა გინდა ნორმალური ურთიერთერთობის დამყარება ადამიანებთან,მეგობრობა,სიყვარული,ისინი კი სრულიად უმიზეზოდ,უმახინჯესი სტერეოტიპებით დანაგვიანებული თავებით,შეურაცყოფას გაყენებენ,რთულია ამ დროს დაიკიდო.ძალიან კარგი,რომ გამოეცალე სიბნელეს.”ციციკორეები”როგორც წესი წრფელ და ლამაზ ადამიანებს არსებობას უკრძალავენ.

  8. ნათია says:

    ბავშვობა გამახსენდა ამ პოსტით… მეც უმამოდ ვიზრდებოდი შორეულ პროვინციაში, მაგრამ ახლა რომ ვაანალიზებ ჩემს მაშინდელ მდგომარეობას, ვხვდები, რომ მერჩივნა ხალხს ბოზი ვგონებოდი, ვიდრე ის, რაც ვეგონე🙂 სწორედ მამის არყოლის გამო ხალხს ბოზი რომ არ ვგონებოდი, ჩავიკეტე საკუთარ თავში და ჩემი ქმედებები გაცილებით შეზღუდული იყო ვიდრე სხვა ბავშვების. სხვებს მამები ჰყავდათ, მე კი არა, ამიტომ სხვა თუ ბიჭთან ერთად ცალკე გაივლიდა ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ მე რომ გამევლო ჩემი რეპუტაცია უეჭველი ეჭქვეშ დადგებოდა… მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის გაცილებით მძიმე იყო ხალხის დამოკიდებულების გამო ბევრ რამეზე უარის თქმა, ვიდრე იმის გაკეთება, რაც მინდოდა… მაშინ საკუთარი თავი რომ არ დამეკომპლექსებინა, ალბათ, ახლა გაცილებით თავისუფალი ვიქნებოდი და გაცილებით ბედნიერიც, ვიდრე ვარ სინამდვილეში… მაშინ რომ დამეკიდებინა ე.წ. საზოგადოებრივი აზრი, ახლა ის კომპლექსები არ მექნებოდა, რაც, სამწუხაროდ, მაქვს. ხანდახან, მგონია, რომ მოვიშორე ისინი, თუმცა, ქვეცნობიერად, ხშირად შემახსენებენ ხოლმე თავს… და ძალიან მაგარია, რომ შეგიძლია დაივიწყო ეს ყველაფერი და დაიკიდო, მე ამას, ალბათ, დიდხანს ვერ შევძლებ…

  9. ნათია says:

    ვაიმე, ბევრი ვიდობიალე, აბდა-უბდა გამომივიდა, მაგრამ, მგონი გაიგებ რისი თქმაც მინდოდა…🙂

Comments are closed.