მე და ბავშვები

რამდენიმე დღის წინ თინეიჯერებზე დაკვირვების წარმოება განვიზრახე და ალბათ იკითხათ, რატომ მომინდა 20 წლის გოგოს მათი ავკარგიანობის შესწავლა. მიზეზი ძალიან მარტივია : მაშინ, როცა თავი მოზრდილი გგონია, ფიქრობ რომ უკვე შეგიძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ბოლოსდაბოლოს მოზრდილობაში შეაბიჯე, ცნობისმოყვარეობას ვეღარ იოკებ, ისე გინდა თვალი გადაავლო მომდევნო თაობის ზრდა-განვითარების პერიოდებს და  შედარება გააკეთო, თუ რანი ვიყავით ჩვენ და რანი არიან ისინი:

მოკლედ, ასეა თუ ისე, გადავწყვიტე გასეირნება მომეწყო და აღთქმული დაკვირვებაც განმეხორციელებინა. განსაკუთრებული ადგილი არ მიძებნია, პირდაპირ უნივერსიტეტიდან ჩამოვუყევი რუსთაველს, სადაც გასეირნება ყოველთვის მიყვარს მეგობრებთან ერთად და ყოველთვის მეჯავრება მარტოს.. ლამის წამლეკა ნანატრი თინეიჯერების ბანდამ, რამაც ცოტა არ იყოს სიცოცხლის ხალისი ჩამიკლა და კინაღამ ხელი ჩავიქნიე ექსპერიმენტზე, მაგრამ მალევე მოვეგე გონს და ბავშვების შორიახლოს, ვითომდა დასასვენებლად განვთავსდი, ყურადღებით მიმართული სმენითა და მზერითურთ.

გამოგიტყდებით და მოხიბლული ვერ დავრჩი პირველი შთაბეჭდილებით: თავში აუტანელი დომხალი წარმომეშვა ამდენი პირსინგ-საყურე-ბეჭედ ასხმული, ცისარტყელასავით აფერადებული თინეიჯერის დანახვით და მათ გემოვნებას მხატვრის და  პოტენციური დიზაინერის მკაცრი თვალით წამსვე ხაზი გადავუსვი და სასწრაფოდ დავინტერესდი , თუ რა იმალებოდა მათი ცნობისმოყვარე და დაკვირვებული მზერის მიღმა:

ჩემი არც ისე კარგი სმენისთვისაც მკაფიო იყო ლანძღვა-გინებით გაჯერებული არაფრისმომცემი საუბარი, რომელსაც კარგა ნახევარი საათი ვუძლებდი და დიდად სასიკეთო დასკვნები ვერ გამომქონდა. ეტყობა განგებას გადაეწყვიტა ხელი ჩამექნია ახალგაზრდა თაობაზე და მამათა და შვილთა ბრძოლის ღირსეული გამგრძელებელი ვყოფილიყავი, ამიტომ ვერც მათი ინტელექტუალური მონაცემებით მოვიხიბლე და სამომავლოდ გადავწყვიტე, ხელმეორედ გადამეკითხა „საიდუმლო სირობა“, იქნებ უკეთ ჩავწვდენოდი მომავალი თაობის  აზროვნების ღრმა ხვეულებს.

ოდითგანვე შეუპოვარი გახლდით და განგებამაც კი ვერ ამაღებინა ხელი, მედალი შემომეტრიალებინა და მეორე მხრიდან შემესწავლა დაკვირვებით, ამიტომ დავივიწყე აქამდე ნანახ- გაგონილი და ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე დავფიქრდი:

თუკი ახლა ბავშვების ჭყეტელა  და დაუხვეწავი გემოვნებით შერჩეული სამოსი თვალს გვჭრის, გვაღიზიანებს მათი ჩამოუყალიბებელი მსოფლმხედველობა და მეტყველების კულტურის არქონა, მათ ასაკში ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით, რომ თურმე გარდერობში მშობლის მიერ შერჩეული სამოსის გარდა რაიმეს შენახვა შესაძლებელი იყო. ცხვრებივით მორჩილად მივყვებოდით დიდაქტიკურ აღზრდის მეთოდებს და პირდაფჩენილები ვიზუთხავდით ავტორიტეტების მიერ ჩაბეჭდილ და თაობებ გამოვლილ ფრთიან ფრაზებს, თანაც ისე, რომ მათ სისწორეში ეჭვი არ შეგვქონდა და თუ ცხოვრებაში არ გამოგვდგებოდა, რას ვკარგავდით, ეგებ რომელიმე მასწავლებელი მოხიბლულიყო თავისუფალ თემაში მოხერხებულად ჩაკვეხებული აფორიზმით თუ ეპითეტით?

მაშინ როცა რამდენიმე წლის წინ , სწორედ დაწუნებული თინეიჯერების ასაკში, 14-15 წლისას კოლბაში მოთავსებული ერთუჯრედიანებივით გვზრდიდნენ, ზომიერად გვაწვდიდნენ სულიერ, ფიზიკურ, ინტელექტუალურ საზრდოს, ახლა თავად ბავშვები ცდილობენ საკუთარ თავზე იტვირთონ ეს ყველაფერი. მერე რა თუ ჯერ კიდევ არ ყოფნით ჭკუა-გონება სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად? სამაგიეროდ რამდენიმე წლით ადრე მიაღწევენ იმ ეტაპს, როცა ძალგიძს, „შენი თავი შენადვე გეყუდვნოდეს“!

ჩვენ გაჭირვებით გადავურჩით დაფხავებული იდეალების და არქაული გადმონაშთების ეპოქას და ამითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. საბედნიეროდ, მომავალ თაობას კიდევ უფრო დიდი მანძილი აშორებს ჩვენთვის ასე საძულველ ინსტიტუტებამდე და იდეოლოგიამდე, ასე რომ ერთი შეხედვით თვალისმომჭრელი და დაწუნებული ჭრელაჭრულა წარმონაქმნებში ყველაზე ძვირფასი რამ მოიპოვება: თავისუფლება, თავისუფლება და თავისუფლება- რაც ასე გვაკლდა ჩვენ.

უკანასკნელად გამოგიტყდებით და ვიტყვი, რომ ამის გამო ზოგჯერ მშურს კიდეც მათი;

ალბათ ამიტომ არ მიყვარს მარტო იქ სეირნობა, სადაც ძალიან ბევრი თინეიჯერია და კიდევ უფრო მეტია თავისუფლება და სილაღე.

15 thoughts on “მე და ბავშვები

  1. Alexi Amniashvili ამბობს:

    ‘ ახლა თავად ბავშვები ცდილობენ საკუთარ თავზე იტვირთონ ეს ყველაფერი ‘

    ნახევარსაათიანი დაკვირების შემდეგ გამიჭირდებოდა ამ დასკვნის გამოტანა. და ჩემი აზრი ამ საკითხის შესახებ საპირისპიროა :)))))) კარგი პოსტია..

  2. ჩხიკვი ამბობს:

    “რამდენიმე დღის წინ თინეიჯერებზე დაკვირვების წარმოება განვიზრახე და ალბათ იკითხათ, რატომ მომინდა 20 წლის გოგოს მათი ავკარგიანობის შესწავლა.”

    ერთი წელია თინეიჯერი აღარ ხარ? :დ

    კიარადა, ამ ნაწილზე გამეცინა, ისე კარგი პოსტია. :დ

      • anna ამბობს:

        მაგ ფრაზაშია გასაღები: ოცი წლის გოგოს რატომ მომინდა თქო, რა არის მანდ გაუგებარი, ანუ როცა მეც ჯერ კიდევ ბავშვი ვართქო :დ

  3. ჭინკა ამბობს:

    ანა, ყველა ასე ჭრელა ჭრულად არ დადის და ყველა ყოველ წამს არ იგინება.

    როგორც შენხელები არიან განსხვავებულები თავიანთ საზოგადოებასთან ერთად, იგივეა ჩემხელებზეც. მე და ჩემი დაქალები ძალიან ხშირად ვარჩევთ ცხოვრებისეულ საკითხებს (მაგალითისთვის) და რავიცი აბა 🙂

    • anna ამბობს:

      მაკა, დარწმუნებული ხარ რომ ბოლომდე წაიკითხე პოსტი?:დ

  4. გვირილა ამბობს:

    ვკითხულობდი და თან ვფიქრობდი, მეტისმეტად მკაცრია მეთქი, ბოლოს გამიხარდა დასკვნა.
    მართალია მეც მასე (უარესადაც :-)) ვფიქრობ თინეიჯერებზე, მით უმეტეს, რომ უკვე 22-ის ვარ (:-D), ანუ აქედან კიდე უარესად ჩანს ყველაფერი 🙂

    თუმცა ჩვენც არ ვიყავით უკეთესები მაგ დროს და მთავარი, რაც ამ პოსტშია – თავისუფლება. მათ აქვთ ეს თავისუფლება, ჩვენ არ გვქონდა. მთლად შეზღუდულებიც არ ვყოფილვართ, მაგრამ ასეც ვერ… ხოდა, ეს არაა ცუდი, თვითონ ისწავლიან რაღაცეებს და რაც საკუთარმა გამოცდილებამ გასწავლა (და არა ვინმე უფროსმა), ის ყველაზე უკეთ გამახსოვრდება 😉

Comments are closed.