ჩემი კომპლექსები

მივეჩვიე დილით პოსტების წერას, როცა ყველას სძინავს და სიმშვიდეს მხოლოდ მამლის ყივილი მირღვევს. შედარებით ადრე მეღვიძება და საყვარელი საქმიანობით, ფიქრით ვიქცევ ხოლმე თავს გარკვეული დროის განმავლობაში.

გუშინდელი ღამიდან ჩემს კომპლექსებზე ფიქრი დავიწყე. რამდენიმე, უცნაური კომპლექსი მაქვს და ახლა არასრულ ჩამონათვალს გავაკეთებ, ვიდრე დანარჩენები ღრმა ძილს მისცემიან:)

ყოველთვის მეშინია ჩემი სამეგობროს სხვადასხვა წრეების წარმომადგენლების ერთმანეთში აღრევის და გაცნობის: შესაძლოა იმიტომ რომ სრულიად სხვადასხვა ინტერესების მქონე ხალხთან მიწევს ხოლმე მეგობრობა და შეუძლებელიც კია, ისინი კონფლიქტური სიტუაციების გარეშე გააცნო ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, ძრწოლით ველოდები ხოლმე მომენტს, თუკი ასეთი მომენტი მაინც დადგა და შიშის ოფლში ვიწურები, ემანდ რომელიმემ მეორეზე ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვოს..

არადა რატომ უნდა მადარდებდეს ეს? ყოველთვის უნდა ვაგებდე პასუხს ჩემი მეგობრების ქმედებებზე? მაგრამ ფაქტია, მეტისმეტად ვღელავ მათ ქმედებებზე და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად თითქმის არასდროს ვაცნობ მათ ერთმანეთს 🙂

დედაჩემმა ჩემი ბიჭების შესახებ მხოლოდ მონაყოლით იცის. არასდროს მიჩნდება სურვილი, სიგიჟემდე შეყვარებულსაც კი, ჩემი რჩეული დედას გავაცნო, იმიტომ რომ საშინლად მეშინია მისი დამოკიდებულების, ვაითუ არ მოეწონოს ჩემი რჩეული მეთქი. არადა არც ეს უნდა მადარდებდეს წესით, მაინც არასდროს ვუჯერებ დედაჩემს და ჩემი სურვილებისამებრ ვმოქმედებ, მაგრამ ამ პაწაწინა კომპლექსის გადალახვა ვერ მოვახერხე და ამ ბოლო დროს ფეხებზე დავიკიდე კიდეც, ანუ სამომავლოდ გადავდე მასთან ბრძოლა 🙂

ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე რომ სრულიად არ მაქვს ამა თუ იმ საზოგადოებასთან განსხავებულად მოქცევის ნიჭი და ყოველთვის ყველგან ისეთივე ვარ, როგორც ზოგადად , თუნდაც უახლოეს მეგობრებთან ურთიერთობისას.

ამან ძალიან შემაშფოთა და ცოტა დამაკომპლექსა კიდეც. მგონი აუცილებელია დავაწესო საზღვრები ურთიერთობებში და ზოგჯერ თავი მოვთოკო ხოლმე გარკვეულ წრეებში, ისევ ჩემს სასიკეთოდ, მაგრამ ამას არასდროს ვაკეთებ. არასდროს ვმალავ ჩემს ნამდვილ დამოკიდებულებას საგნების და მოვლენების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცი, რა რეაქცია მოყვება ამას.

გადავწყვიტე არჩევანი გავაკეთო ამ სამ ე.წ კომპლექსს შორის და ვებრძოლო. მე მესამეს ვირჩევ: არ მყავს მეგობარი ბიჭი და შესაბამისად დედაჩემსაც საქმე არ აქვს და არ მყავს მეგობრები, რომლების ერთმანეთის წინაშე წარდგენისას შემრცხვება 🙂

თუ უახლოეს რამდენიმე თვეში საკუთარი ქმედებების კონტროლს და პოზიორობას ვერ ვისწავლი, კიდევ უფრო ვიამაყებ საკუთარი ინდივიდუალურობით და უკომპლექსობით 😀

4 thoughts on “ჩემი კომპლექსები

  1. Mari ამბობს:

    ეს ბოლო რა კომპლექსი იყო ნეტავ? ისე, არასოდეს შემიმჩნევია შენზე ეგ. ადრე, სანამ კარგად გაგიცნობდი, სულ სხვანაირი იყავი და მშვენივრადაც პოზიორობდი. მომავალშიც არ გაგიჭირდება 🙂

  2. katerina ამბობს:

    ისე, ზედმეტი უკომპლექსობაც ერთგვარი კომპლექსია :). შინაგანი თავისუფლება ადვილად არ მოდის, ამას დრო და წვალება სჭირდება.სურვილი რომ გაქვს უკვე კარგია. http://qetlandia.blogspot.com/2011/02/free.html ეს ისე, თემასთან ახლოსაა და 🙂

  3. Zurriuss.Ge ამბობს:

    მეეჭვება, ჩემნაირი მეგობარი მთლად იდეალური ა$ღმოჩნდეს სხვა წრეებში გამოსაჩენად (ვგულისხმობ ისეთ ტიპებს, რომელთა არც ცხოვრება და არც საქმიანობა ჩემს ინტერესებში არ შედის), მაგრამ ყველა ჩემნაირი ხომ არ არის :დდდ

დისკუსია დახურულია.