ჩვენი შვილი ბიჭი იქნებოდა

არ მიყვარს ზამთარი: იძულებით ვზივარ სახლში და ტელევიზორის წინ სულს ვღაფავ უმეტესწილად. იმ დილითაც, რომელიღაც არხზე გამიშტერდა თვალი: ჯანდაბა, მერამდენედ უნდა ვუყურო სიუჟეტს ორსულ დედებზე? მგონი ყველა ტელევიზიამ გადაწყვიტა დემოგრაფიულ პრობლემას ომი გამოუცხადოს, ყველგან ფეხმძიმე ქალებია, არადა როგორ ვერ ვიტან. ყოველთვის მათი დანახვისას ვფიქრობ, რომ ბავშვს ვიშვილებ, მათსავით მუცელგაბერილი არ ვივლი და ოც კილოს არ მოვიმატებ, რასაც მერე ან დავაგდებ, ან ვერა…

ეგოცენტრულ ფიქრებს მესიჯის ხმა მაწყვეტინებს და მახსენებს რომ დღეს ერთ-ერთი ის ღირსშესანიშნავი დღეა, როცა ჩემი მეგობრები ჩემთან უნდა მოვიდნენ და გავერთოთ. მშვენიერია, არაფერი დამვიწყებია და ყველაფერი მომარაგებული მაქვს. რამდენიმე საათსაც გავძლებ მათ გარეშე.

ჩემს მეგობრებს უცნაური ჩვევა აქვთ: ყოველთვის მოყავთ ვიღაც უცნობი ადამიანი, რომლის გართობა მე მევალება ხოლმე, ისინი კი თავისთვის ოთახებში დაფანტულები მშვენივრად ახერხებენ უჩვენოდ თავის გართობას.

ამჯერად გამიმართლა, მამრობითი სქესის წარმომადგენელი მომგვარეს, რომელსაც შორიდან ვიცნობ კიდევაც. არ მომწონს ეს ბიჭი, ყოველთვის ამრეზით ვუყურებდი და მის ხსენებაზე ლანძღვას ვიწყებდი , ახლა კი ვზივართ და მშვენივრად ვლაპარაკობთ ათას სისულელეზე..

რატომღაც გადაწყვიტა თავი მომაწონოს და სამზარეულოს იპყრობს. გაშინაურებაში ჩვენი შორეული ნაცნობობა ეხმარება ეტყობა, თუმცა კერძი რომ გემრიელი გამოვიდეს, არაფერი არ შველის და სასწრაფოდ ვაძევებ სამზარეულოდან.
ჩვენ ორნი, რა თქმა უნდა, მარტო ვართ, უკვე ძალიან დიდი დროა გასული და ბავშვების ნახევარი წასულა კიდეც.. დანარჩენებს ჩვენთვის არ სცხელათ, რადიოში შემთხვევით ნაპოვნ ტალღაზე მუსიკას უსმენენ და ცეკვავენ. ჯანდაბას, მშვენიერია, მეც ვიცეკვებ, ვფიქრობ მე და ნიკას საწოლ ოთახში მივათრევ, საწოლზე ვაგდებ და ვცეკვავ:

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს მისი მზერა, ზოგჯერ ცდილობს ხელი მომკიდოს და მაკოცოს. ვიშორებ და ვეუბნები, რომ არ მომწონს, არ მიზიდავს. ისევ საწოლზე ჯდება და მიყურებს.
დავიღალე, ძალიან დავიღალე..

-მიიწიე, – ვეუბნები და მოწყვეტით ვეხეთქები მის გვერდით საწოლზე. უცებ ორივეს ხარხარი გვიტყდება და მეორე ოთახში გამოკეტილებს მწარედ დავცინით რატომღაც.. მერე სიცილს ვწყვეტ და მშვენივრად ვასრულებ მთვრალი ქალის როლს. თავს ყელთან ახლოს, მკერდზე ვადებ და რაღაცებს ვლუღლუღებ, ის კი უცებ მკოცნის;
საოცრად კარგი კოცნა სცოდნია, ვფიქრობ და ვკოცნი , ძალიან ბევრს და ძალიან გულმოდგინედ, მინდა რომ მოვეწონო. ტანსაცმელს ნელ-ნელა მხდის და არაადამიანურად ვეფერებით ერთმანეთს.
ბოლოს ვწყდები და თავხედურად ვუღიმი:

-არაგიშავს, უფრო სწორად კარგი ხარ…

-შენც კარგი ხარ- მპასუხობს – are we couple now?- მეკითხება:

-რა თქმა უნდა არა, გაგიჟდი? – და ისევ ვხარხარებთ.

დილით ყველანი ვიღვიძებთ და არავის არ უკვირს ნიკას ჩემს საწოლში აღმოჩენა; ორივეს გვაცვია და თავს ვიკატუნებთ რომ უეცრად ჩაგვეძინა ცეკვისგან დაღლილებს. ერთმანეთის ახსნა-განმარტება ყველას გვაკმაყოფილებს და ვიშლებით, უფრო სწორად იშლებიან, მეკი დაულაგებელი სახლი მრჩება.
ამ დღის შემდეგ ნიკა ხშირად მოდის ჩემთან; შემოსვლისას პალტოს იხდის და ერთსა და იმავე ადგილზე, დივანზე აგდებს, სავარძელში ჯდება და ელოდება როდის გადავჯდები მასთან. რამდენიმე წუთი ტელევიზორს ვუყურებთ და რეკლამის დროს ნიკა სათვალეს იხსნის, მე მისკენ ვიხრები და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვკოცნი, თან არ მესმის რატომ არ დადო პალტო სადმე სხვაგან…
ყოველთვის, როცა ნიკა ჩემგან მიდის, მეც მივყვები და მეგობართან ვრჩები იმ ღამით…

-არ გეშინია რომ დაფეხმძიმდე?-მეკითხება ნათია მორიგი ვიზიტისას.

-რა თქმა უნდა არა, სულელი ხომ არ გგონივარ? – ფრიად შეურაცხყოფილ სახეს ვიღებ და უცებ მახსენდება რომ უკვე ერთი კვირაა ველოდები. ასე მგონია მუცელში გავარვარებული სითხე ჩამასხეს.. ღამეა და ტესტსაც კი ვეღარ ვიყიდით , მომიწევს დავიძინო და თავი დავიმშვიდო, გავიხსენო, იქნებ ადრეც გადამცდენია.
დილით უნივერსიტეტში უნდა წავიდეთ. ლექციებზე შესვლის მაგივრად აფთიაქში გავრბივართ და გამყიდველის ეჭვნარევი მზერის თანხმებით ვტოვებთ იქაურობას. უნივერსიტეტის საპირფარეშოს მივაკითხეთ. ტესტი აქამდე არასდროს გამომიყენებია, ინსტრუქციას ხელისკანკალით ვკითხულობ და ზედმიწევნით ვასრულებ.

-ნათია, ნათია, დარწმუნებული ხარ რომ სწორად წავიკითხე? შეხედე!

-ორსულად ხარ!

ვზივართ დაცარიელებულ დერეფანში და მუცელში ფეთქვას ვგრძნობ.

-მოდი ექოსკოპია გაიკეთე- აღარ იცის როგორ დამამშვიდოს…

-მერე ფული? რა ღირს იცი? ან სად გავიკეთო? ორსულად რომ ვიყო?

…სამსაათიანი ლოდნის მერე ჩვენი დროც დგება და ექიმი რუტინულ კითხვებს მისვამს და თან მუცელზე რაღაც სლიპინა კრემს მისვამს. სახე უცინის და ბედნიერი მამცნობს ჩემს მუცელში სამი კვირის ნაყოფის არსებობას, მეკი ვეკითხები, შეიძლება თუ არა ბავშვის მოშორება იმავე შენობაში, თან უკვე მზად ვარ მორალის მოსასმენად, თუმცა პასუხი ჩემი კითხვასავით ლაკონურია: „ერთი კვირა მოიცადე და თუ არ გადაიფიქრე, აქვე მე5 სართულზე კეთდება აბორტი“. მიკონკრეტებს ფასს და მოსაცდელში ვბრუნდები.
სასწრაფოდ ვურეკავ ნიკას და ვეუბნები რომ ბავშვს არასდროს გავაჩენ მისგან და შეუძლია ექიმთან წამომყვეს. ჩვენ ვხვდებით და დიდხანს ვლაპარაკობთ, რომ არც ერთს არ შეგვიძლია ახლა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და გადაწყვეტილება ერთსულოვნად ვიღებთ.
ორივე საშინლად დაძაბულები ველოდებით დაწყევლილი 7 დღის გასვლას, თან ვგრძნობ, როგორ ეშინია, რომ არ გადავიფიქრო.

***

…ატირებული ვიღვიძებ და თვალების გახელა მიჭირს. მხოლოდ ხელის შეხებით ვგრძნობ რომ ნიკა გვერდით მიზის და მაწყნარებს. პალატის თხელი საბანი მახურავს და მცივა. გვერდით მოკლე წამლების დანიშნულება მიდევს, ერთი საათი კი წინ მაქვს, ძალ-ღონის მოსაკრებად და წასასვლელად.
იმ ღამით ნიკა ჩემთან რჩება, რომ მომიაროს…
ჩვენ ძალიან მალე ვშორდებით ერთმანეთს. მე ხომ ნიკა არ მიყვარს… ხშირად კი მისი ნახვა მიწევს, ისევ მეგობრების წყალობით..
მე ნიკა არ მიყვარს, მაგრამ ძალიან ხშირად ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩვენი შვილი.
რამდენიმე თვეა ნიკას დავშორდი, ისევ არ მიყვარს, მაგრამ უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ , როგორი იქნებოდა ჩვენი შვილი. დარწმუნებული ვარ რომ ბიჭი იყო.

***

…ვერ ვიტან ზამთარს…
ყოველთვის, როცა ვინმეს ვურეკავ, მეშინია, რომ არ უპასუხებს. ამ შიშის გადალახვას რამდენიმე წუთს ვანდომებ და თუ არ გადავიფიქრებ, მწვანე ღილაკს თითს ვაჭერ.
ნიკას ძალიან უკვირს ჩემი ზარი.
-გახსოვს დღეს რა რიცხვია? – არც მივსალმებივარ.
-დღეს 19 დეკემბერია. ხომ მართალი ვარ? ნირშეუცვლელი მპასუხობს.
-მოდი შევხვდეთ – ვეუბნები და ვცდილობ აღელვება არ დამეტყოს.

***

…უცნაურია, დროთა განმავლობაში როგორ იცვლება ადამიანის ხასიათი და გარეშე საგნებთან დამოკიდებულება:
ძალიან შემიყვარდა ზამთარი და ტელევიზორის წინ მყუდროდ მოკალათება. არც ამ წელს არღვევენ ტელევიზიები ტრადიციას და შეთანხმებულივით წლის დემოგრაფიული მდგომარეობის შეჯამებას აკეთებენ, თუმცა მე ფეხმძიმე დედებიც შემიყვარდა. ძალიან ლამაზები არიან, გამობერილი მუცლებით, დამძიმებულები და შევსებულები.
…არ შეცვლილა ბავშვობიდან გამოყოლილი საშინელი ჩვევა: დაუოკებლად მინდოდეს ის, რაც ჩემი არასდროს იქნება..

15 thoughts on “ჩვენი შვილი ბიჭი იქნებოდა

  1. Mari ამბობს:

    რას მერჩი, რატომ მატირებ? არ ვიცი ეს მოთხრობა უნდა მომწონდეს თუ არა, მაგრამ კარგად კი დაგიწერია.

    • anna ამბობს:

      არაფერს არ გერჩი , შემომეწერა უბრალოდ :დ მეც ვიტირე დაწერისას შ:

  2. anina ამბობს:

    მგონი, ყველაზე მეტად რაც უნდა ჭარბობდეს, ის აკლია_ ემოციები.
    როგორც ნაწერი, კარგია 🙂

დისკუსია დახურულია.