ხელები და სამი სიკვდილი

გუშინწინ მერამდენედ გადმოვიღე ჩემი საყვარელი მწერლის მოთხრობების კრებული- ისევ ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირს“ მივადექი. წიგნს პატარა შესავალი აქვს, ავტორის მოკლე ბიოგრაფია. პირველად გადავიკითხე. 27 წელს არმიღწეული დაღუპულა… არ მეგონა, არადა. ძალიან კარგად წერდა, გამოცდილი, დაღვინებული კაცივით. რაღაცნაირად განვიცადე და ხელებზე დავიხედე მაშინვე.

როგორც კი ვინმეს სიკვდილს გავიგებ, თვალი ხელებისკენ გამირბის. ხელები ყოველთვის დიდი დატვირთვის მქონე იყო ჩემთვის. ხელის გაწვდენა, შეხება, პირველი კონტაქტი, უწვრილესი ნერვული დაბოლოებები: ხელებში, თითებში, კიდურებშია განთავსებულ-განლაგებული. ადამიანებთან ახლო კონტაქტში ხელის მოძრაობით შევდივართ.

დააკვირდით, როგორ მოძრაობს ძარღვებში სისხლი. ფრჩხილების ქვეშ ვარდისფერი ხორცი მოსჩანს- სიცოცხლის დამადასტურებელი ნიშანი. სიკვდილისას ყველაფერი ლურჯდება, არც ერთი ძარღვი არ იძვრის ხელზე. ფრჩხილები ყვითლდება და თანდათან მონაცრისფრო გარსით იფარება. ის ხელები, რომელსაც ოდესღაც ვეხებოდით, ვეფერებოდით, უბრალოდ ხელს ვართმევდით, ცივი და უმოძრაო, გულზეა დაკრეფილი და თანდათან უარესად ჭკნება და იფიტება.

ჰოდა იმ დილითაც, თვალი რომ გამიშტერდა ჩემს ჯერ კიდევ ქორფა და სათუთ თითებზე და ახლახანს გაკეთებულ ფრჩხილებზე, 7 წელი გადავითვალე და ტანში გამცრა: 27 წელი- არაფერი, ისედაც არაფრიდან! დიდხანს ფიქრი არ გამიგრძელებია მზერაც და ფიქრებიც სხვა რაღაცებისკენ მივმართე, ბოლოსდაბოლოს ვინ იყო ცხონებული ჩემთვის, თუ არა რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი კარგი მწერალი?!

დღეს მშვენიერ ხასიათზე გავიღვიძე, სარკეში ჩავიხედე და ვთქვი : რა ლამაზია დღე, რა ლამაზი ვარ მე, და საერთოდ, რა ბედნიერებაა რომ ქვეყანას მოვევლინე! სიმღერ-სიმღერით ჩავალაგე ბარგი და ბოლოსდაბოლოს წამოვედი თბილისში. საღამოს ფეისბუქზე შევედი და რამდენიმე გაუხსნელი წერილი დამხვდა ინბოქსში. მეგობარი, მეგობარი, ვიღაც და ჩემი ჯგუფელი: „ანა, ირაკლის მანქანა დაეჯახა და გუშინ გარდაიცვალა.“ – მე ვზივარ , კლავიატურაზე ხელებმიყინული და არ ვიცი რა მივწერო, მით უმეტეს ამჯერად ჩემი აკანკალებული და პარალიზებული თითები სრულად არის მოქცეული ჩემი თვალთახედვის არეში და მათ გარდა ვერაფერს ვხედავ. ბოლოს ცრემლები თვალებს მივსებს და საბედნიეროდ თვალს ვწყვეტ ჩემს ვარდისფერ ფრჩხილებს.

ყველაფერი გამახსენდა უცებ, აი ყველაფერი. უნივერსიტეტში მისვლიდან ბოლო დღის ჩათვლით, ირაკლის პირველი სიტყვებიც კი გამახსენდა, როგორ ადგა ამდენ უცხო სტუდენტებში, როგორ გაგვაცნო თავის თავი და მორცხვად დაჯდა თავის ადგილზე. იმავე დღეს, რამდენიმე ჯერ კიდევ უცნობი ბავშვი როგორ წავედით სასეირნოდ, როგორ ვიმახსოვრებდი მათ სახელებს, სახეებს და მათ შორის ირაკლის.

…ფეისბუქი ისევ ჩართული მაქვს და შიგადაშიგ, როცა ცრემლებს ვიწმენდ, ვხედავ როგორ რეფრეშდება ჩემი ნიუსფიდი და ისევ რიცხვ 27ს ვხედავ უცებ: ემი უაინჰაუსიც გარდაიცვალა.. სტატუსები, სტატუსები სტატუსები: „მეწყინა“ „მკიდია“ „საწყალი“ ბლა ბლა ბლა ბლა… თვალები მიჭრელდება და ყველა მეზიზღება უცებ. დიდი გინების ტექსტი მინდა ავკრიბო და დავპოსტო მაგრამ ნერვებმოშლილი სიტყვას სიტყვაზე ვერ ვაბამ და ვჩერდები.

ახლა, როცა ცოტა დავწყნარდი, ბრაზმაც და სასოწარკვეთამაც გადამიარადა კლავიატურის მოხმარება ისევ შემიძლია, მართლა გამიჩნდა კითხვა: რამდენს შეეცოდა ემი მართლა? რამდენმა გაიაზრა ის ფაქტი, რომ კიდევ ერთი ადამიანი მოკვდა . გაქრა, აღარ არსებობს! გვამია, რომელსაც მალე ან კრემაციას გაუკეთებენ, ან დაკრძალავენ! „უი, საწყალი, რა ნიჭიერი იყო, რამდენი ხანია ვუსმენ“ ტექსტები… არადა რა მნიშვნელობა აქვს იყო თუ არა ნიჭიერი? იდიოტებო, მოკვდა, ცოცხალი არსება მოკვდა. ცოცხალმა უჯრდებმა, ტვინმა შეწყვიტა არსებობა, თქვენ კი სტატისტიკას ადგენთ და ჰენდრიქსს, კურტს და სხვა 27 წლიანებს უერთებთ ახლადდაღუპულს! ვიღაცისთვის მომღერალი მოკვდა , დიდებული ნიჭი დაიღუპა, ვიღაცისთვის კი საყვარელი არსება გაცივდა და გვამად იქცა… როგორ არ შეგიძლიათ ამის გააზრება, ამაზე რომ ვფიქრობ , სიმწრისგან ლამის ვიკივლო! …ლერმონტოვის არ იყოს, ბოლოსდაბოლოს ვინ იყო უაინჰაუსი ჩემთვის ? არც არავინ, საყვარელი შემსრულებელიც კი არ იყო… …იქნებ ჩემი 20 წლის ჯგუფელის დაღუპვაც სტატისტიკაა, უბედური შემთხვევაა , საცოდაობაა და მეტი არაფერი? ვიღაც ამის შესახებ ვერასდროს ვერაფერს გაიგებს , თუ გაიგებს მეორე წუთში არც ემახსოვრება…

ოთახში ბნელა, მაგრამ ლეპტოპის სინათლე კლავიატურას და ჩემს თითებს კარგად ანათებს…

6 thoughts on “ხელები და სამი სიკვდილი

  1. Mari ამბობს:

    მე ვერ აღვიქვამ ადამიანს დაღუპულად, რომელიც არასოდეს მინახავს ცოცხალი ან რომელიც არასოდეს მინახავს გარდაცვლილი. 2 წლის წინ, ერთ-ერთი ეროვნული გამოცდიდან დაბრუნებულს დამხვდა წერილი, რომ ჩემი ერთ-ერთი კლასელი მოყვა ავარიაში და დაიღუპა. მაშინ ვერც წარმომედგინა, რომ ამ ასაკში სიკვდილი შეიძლებოდა შეგვხებოდა რომელიმეს. ამიტომ, გადავწყვიტე, არ მენახა ის გარდაცვლილი და დღემდე ვერ აღვიქვამ სხვანაირად.

    • tamara ამბობს:

      ეგ გავიფიქრე ახლა ზუსტად :/
      გულწრფელი ემოციებით გადმოცემული სათქმელი სულ სხვაა 😦

  2. ირმისა ამბობს:

    “რა ლამაზია დღე, რა ლამაზი ვარ მე, და საერთოდ, რა ბედნიერებაა რომ ქვეყანას მოვევლინე!” – ყოველთვის გაიმეორე ეს, როდესაც ცუდი ფიქრებისკენ წახვალ!

დისკუსია დახურულია.