სტუდენტური მოთქმა 80 თეთრიან მინი ავტობუსებზე

გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ თვეების წინ შემექმნა, როცა “კოლმეურნეობის მოედანი” სამყაროს ცენტრად აქციეს და  სწორხაზოვნად სიარულის ყველანაირი საშუალება მოგვისპეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამოკიდებულ მოსახლეობას, თუმცა ამ ცვლილებას საკმაოდ აუღელვებლად შევხვდი, მივეჩვიე შეცვლილი მარშრუტების გამო გადაჭედილ ავტობუსებში კიდურების დაზიანებას და სულის ხუთვებს და ამასობაში დამავიწყდა კიდეც რომ ოდესღაც 88 ნომერი ავტობუსით პირდაპირ ისნის მეტროსთნ შემეძლო მოხვედრა.

მოდუნების საშუალება არ მომცეს და ახალი ჭირი დამატყდა თავს გაძვირებული, 80 თეთრიანი სატრანსპორტო საშუალებების ხაზებში ჩაშვებით . ამბობენ, რომ ეს 80  მხოლოდ პირველი მგზავრობის საფასურია, შემდგომ ტარიფი იკლებს და ეს ერთგვარი შეღავათია მოსახლეობისთვის, მაგრამ კარგად ვერ გავიგე, ეს პირველი მგზავრობა მართლა პირველი მგზავრობაა , თუ ყოველდღიური პირველი მგზავრობა? მოკლედ, ტავტალოგიისთვის ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ჩემთვის დიდი ვერაფერი შვებაა მხოლოდ პირველ ასვლაზე  გავიღო გაორმაგებული თანხა  გადასაადგილებლად და ტრანსპორტიდან ჩამოსვლისას ფეხები უკან დამრჩეს გადახდილი საფასურის გამო !

ახალი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ალბათ ყველამ ნახა სატელევიზიო რეკლამა, რომელიც მშვიდად გვამცნობს ჩემს მიერ ახლახანს თქმულს და ბონუსად გამოიცანით რას გვპირდება? მოქალაქე მგზავრობის დროს დაცულია! და ეს დაცვა როგორც მავანნი ამბობენ კონდენციონერების არსებობაში გამოიხატება ჯერჯერობით, თუმცა ბოროტი ხმები კვლავინდებურად გასაგრილებლად გაღებულ ფანჯრებზე და გაუმართავ აღჭურვილობაზე საუბრობენ.

თუ ამ ბოროტ ხმებს არ დავუჯერებთ და მერიის კეთილგონიერების იმედზე დავრჩებით, აღმოვაჩენთ რომ იმ ჯერ ამოუცნობ დაზღვევა-დაცვაში, რაზეც რეკლამიდან ტკბილადმოუბარი მამაკაცი გვესაუბრება, ვიხდით დამატებით 30 თეთრს, ყოველდღიურად რაც დამეთანხმებით, საკმაოდ ძვირია ყოველთვიური გამოანგარიშებით, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხავია, ეს სატრანსპორტო საშუალებებიც ისეთივე გამართული და მოვლილია, როგორც ოდესღაც საამაყო ყვითელი ავტობუსები თუ? მოდი არც წინათგრძნობას დავუჯერებ და თუ-ს ვერსიას მოვეჭიდები წყალწაღებულივით, მაგრამ ვაი რომ რაღაც არ მასვენებს და ეს რაღაც უკვე ყოველ შემდეგ ჯერზე გადახდილი 65 თეთრია, რომელსაც ვგონებ არც სტუდენტური ბარათით მონიჭებული შეღავათი უშველის და მგონი ოცნებად გამიხდეს სოციალურად დაუცველთა რიგებს შევუერთდე, თანაც , დაპირებისამებრ მხოლოდ კომფორტული მინი-ავტობუსები კი არ გაძვირდა, უკვე იმ ძველს სამარშრუტო ტაქსების ფიქსირებულ 50 თეთრსაც შეუდგა წყალი და 100 ნომრის მომხმარებლები უკვე სარგებლობენ 80 თეთრიანი წარმოსახვითი კომფორტით.

არა კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ მიკვირს, საიდან უნდა გაჩნდეს ჩემს საფულეში დამატებითი და ესოდენ გაზრდილი ხარჯების დასაფარად საჭირო თანხები, წარმოდგენა არ მაქვს. სამწუხაროდ ამაზე წარმოდგენა ჩემმა ოჯახმა უნდა იქონიოს და უზრუნველყოს გზის ფულით დაუსაქმებელი სტუდენტი, რომლის უმუშევრობა რა თქმა უნდა ამ სტუდენტის სიზარმაცის ბრალია და არა არარსებული სამუშაო ადგილების 🙂

მოკლედ, დედაჩემი საბედნიეროდ ტელევიზორს არ უყურებს და ჯერჯერობით არც საკუთარ თავზე უწვნევია გაძვირებული ტრანსპორტით მგზავრობის სიამე, ამიტომ მეც არ ვუხეთქავ ჯერ გულს. უბრალოდ ვფიქრობ, კიდევ რამდენ ხანს დავრჩე სოფელში, სადაც ჯერჯერობით ყველაფერი კლდესავით ურყევ-უცვლელია და სიო ჯერაც არ იძვრის…

6 thoughts on “სტუდენტური მოთქმა 80 თეთრიან მინი ავტობუსებზე

  1. ketusi says:

    კი,გარდა ავტობუსებისა, ზოგი სამარშრუტო ტაქსი უკვე 80 თეთრს ახდევინებს, თუმცა მგზავრები ბუზღუნებენ და არ იხდიან :))

  2. Giorgi says:

    ყოველდღიური პირველი მგზავრობა, როგორც ადრე იყო :))

  3. akunkula says:

    “დაუსაქმებელი სტუდენტი”
    რა ვქნათ ამ ფენამ ბოლობოლო? 🙂

    • anna says:

      ჰო გოჩა,მეც მაგის იმედზე ვარ, ეგება ვინმეს გამოვკრა ხელი და ავშენდე ❤

  4. ირმისა says:

    მაინც ატენიან ყველას ისე, რომ ცალ ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ იქნება…

Comments are closed.