ჩვენ, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი!

ზაფხულია, ცხელა , ცხელა , ცხელა და  გამუდმებით იმაზე ვფიქრობ, რით ვუშველო თავს:

ა) დავრჩე სახლში, სადაც გრილა, მოვკვდე მოწყენილობით , სამაგიეროდ შევინარჩუნო სხეულისთვის ოპტიმალური ტემპერატურა;

ბ) გავიდე სადმე, გრილ კაფეში, ვჭამო ნაყინი, ვსვა წვენი და არ მოვკვდე მოწყენილობით, შევინარჩუნო ოპტიმალური ტემპერატურა, სამაგიეროდ გავღარიბდე;

გ) გავიდე სადმე, სიცხეში, ვაკეთო საქმე, პარალელურად ვსვა წვენი, ვსვა წვენი, ვსვა წვენი, ვსვა წვენი და კიდევ ერთხელ წვენი;

დაახლოებით ამგვარი არჩევანი მაქვს ძირითადად ბოლო რამდენიმე კვირაა და ჩემი მოთმინების ფიალაც ნელ–ნელა ივსება: მოკლედ, იმის მაგივრად რომ ნანატრი ზაფხული შევირგო და მიხაროდეს რომ როგორც იქნა ცხელა, კარგი ამინდია, მზეა და ზღვაა, მოუთმენლად ველი შემოდგომის სიო როდის დაბერავს და მამცნობს რომ სუულ მალე ზამთარიც მოვა!

არა, განა ზაფხული არ მიყვარს.. ძალიანაც მიყვარს, უბრალოდ კანონზომიერებაა:

  • მოდის ზაფხული, რომელსაც ასე ველით ყველა და ათას რაღაცას ვგეგმავთ ცხელ და მზიან დღეებში. ფაქტის წინაშე დამდგარ მეოცნებეებს უკვე ერთი სული გვაქვს სახლებში გამოვიკეტოთ, უკეთეს შემთხვევაში სადმე, ზღვის ნაპირზე გრილად, ქოლგის ქვეშ მოვკალათდეთ და ეგებ სული არ დავლიოთ სიცხისგან…  ამასობაში ცხელი სამი თვე იწურება და…

  • მოდის შემოდგომა, რომელსაც აგრილების მოლოდინით გამოწვეული სიხარულით ვხვდებით. ორიოდე კვირაში კი კვლავ გაუთავებელი ბუზღუნი, ნაადრევი წვიმებით გამოწვეული შფოთი და მწუხარება და ნატვრა:  ნეტავ ზამთარი მალე დადგებოდეს, განა წვიმას თოვლი არ სჯობს? და…

  • …მოდის ზამთარი:  პირველი თოვლი(თუ, რა თქმა უნდა, გვეღირსა, ყველას გვახარებს), მერე ყველაფერი ტალახშეზელილი ყინულით და ჭყაპით იფარება და უკმაყოფილების ჭია კვლავ გვახსენებს თავს უკვე მერამდენედ, ცივ აუდიტორიაში, გაყინულ კაბინეტებში თუ ჭირხლით დაფარულ ავტობუსის გაჩერებაზე და ჩვენც ისევ ვნატრობთ, ვნატრობთ და ვნატრობთ, ამჯერად გაზაფხულის თბილ სიოს და ჩიტების ჭიკჭიკს. და…

  • გაზაფხულიც მოდის: ქარებით, სუსხით, ალაგ–ალაგ სითბოთი და ყვავილებით. წყეული ქარმა ლამის ადგილიდან მოგვწყვიტოს და სადღაც გაგვაქანოს, ყვავილების მტვერი ხომ მუდმივი ალერგიის წყაროა?

… და ყველაფერი იწყება თავიდან…

მეკი ვზივარ მანამ, სანამ ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყებოდეს და ვფიქრობ , დღის მეორე ნახევარში რა ვაკეთო, როცა ზემოთხსენებული გეგმა ა) შესრულებულია, თავს ვიკავებ გაღარიბებისგანაც და საქმეც არაფერი მაქვს? მოდი ყველაფერს თავიდან დავიწყებ და გეგმა ა–ს აგერ უკვე მეორედ გადავავლებ თვალს…

One thought on “ჩვენ, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი!

  1. ჯი-ნია-ნი ამბობს:

    მეც ისე ველი ხოლმე ზაფხილს,მაგრამ რა..მოვიდა,რა ხეირი..ვზივარ სახლში და ვცდილობ არსად გავიდე,რომ მერე გულწასული არ “მომათრიონ”..როგორ მინდა ზღვა..
    და მერე შემოდგომა..
    ეჰ..

დისკუსია დახურულია.