how i met Bera-ანუ როგორ ვერ გავხდი ფანი

თქვენ გყავთ კუმირი? ხართ ვინმეს ფანი? მე მიყვარს რამდენიმე ცნობილი ადამიანი-მომღერლები, მსახიობები, მწერლები, მაგრამ არავის ფანი არ გავმხდარვარ არასდროს.  ყოველთვის მაინტერესებდა რა იმალება სატელევიზიო სიუჟეტებში ნანახი ფანების წივილ-კივილის, ხელ-ფეხის ქნევისა და დაცვის თვალების ბრიალის მიღმა და აჰა, ეს დღეც დადგა! ანუ შესავალს მოვრჩეთ და ბოლოსდაბოლოს ვიტყვი რომ ორიოდე დღის წინ გახლდით ბერას კლიპის პრეზენტაციაზე, რომელიც კინოთეატრ რუსთაველში გაიმართა და რამდენიმე ბლოგერი დამკვირვებლებად მიგვავლინეს. მაშ ასე, იხილეთ ქრონიკები იმის შესახებ, თუ რა ხდება კულისებს მიღმა, როცა სცენაზე ვარკვლავი ვარსკვლავებს ეთამაშება🙂

ესეც თქვენი მონა-მორჩილი და ბერა :)

ესეც თქვენი მონა-მორჩილი და ბერა🙂

პრეზენტაცია უნდა დაწყებულიყო საღამოს 6 საათზე, თუმცა რასაკვირველია დაიწყო ერთი საათის დაგვიანებით, ასე რომ ბევრი დრო გვქონდა ფოიეში შეკრებილი ფანების წარმომავლობის მიმოხილვით დავკავებულიყავით. ვინაიდან და რადგანაც თავად ბერა ჯერ მხოლოდ და მხოლოდ 16 წლისააა, ირგვლივ შეკრებილების ასაკიც ბევრად არ აღემატებოდა 16 -17 წელს, ძირითადად გოგონები იკლავდნენ თავს და წინასწარ ვარჯიშობდნენ აღფრთოვანებულ წამოკივლებაში.

როგორც იქნა ბერაც გამოჩნდა და ნავარჯიშევმა გოგონებმა ერთხმად დასცხეს ყიჟინა. ვუყურებდი როგორ მოაბიჯებდა ბერა ფანების მიერ გაკეთებულ “დერეფანში”, როგორ გვიქნევდა ხელს ირგვლივ შეკრებილებს და ვფიქრობდი: “ნეტავ რა მოხდებოდა, ახლა აქ, ჯასტინი რომ მოაბიჯებდეს?” დიახ , დიახ, სწორედ ის ჯასტინი, ვისზეც თქვენ გაიფიქრეთ… მაგრამ შევეშვათ ჯასტინს, ეს სიამოვნება, მჯერა წინ მაქვს და დავუბრუნდეთ მოვლენების ანალიზს.

მოკლედ, ყველანი უკან მივყევით მიმავალ თუ ამომავალ ვარსკვლავს და აღმოვჩნდით კინოს რომელიღაც დარბაზში, სადაც უკვე შეესწროთ გულმოდგინე თინეიჯერებს და ფაქტიურად ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ იყო. აი აქ გაჭრა ჩვენმა ყბადაღებულმა ბლოგერობამ და ადგილი პირველ რიგებში მიგვიჩინეს, როცა იქ მოხვედრაზე ათეულობით გოგონა გამწარებული იღწვოდა. მე ბედნიერება მქონდა ვმჯდარიყავი “მის” პირდაპირ და მეცქირა თვალებში, უფრო სწორად სათვალის შუშებში და წარმომედგინა რომ მისი მზერაც ჩემკენ იყო მომართული… ეჰ, ისევ გადავუხვიე სათქმელს და იმას ვამბობდი, რომ როცა ადგილები დავიკავეთ და დარბაზიც ჩაწყნარდა ოფიციალურმა წამყვანმა საკმაოდ ვრცელი მიმოხილვა გააკეთა ბერას შემოქმედების და გულახდილად რომ ვთქვათ, თავიც შეგვაწყინა, გამომდინარე იქედან რომ დარბაზს თავად ბერასგან ერჩივნა ინფორმაციის მიღება, ვიდრე წამყვანისგან, მაგრამ ისევ ბერამ იმარჯვა და მოხერხებული მოძრაობით მიკროფონი ხელიდან გამოსტაცა გაოცებულ მიმომხილველს, რითაც საბოლოოდ დაიპყრო გოგონების გული🙂

აღმოჩნდა რომ ბერას უკვე ჩაწერილი აქვს 150მდე სიმღერა, თავმდაბლობის გარეშე კი ეს რიცხვი 200-ს უკაკუნებს; ის დაუღალავად შრომობს თავის სტუდიაში და აპირებს , ღირსეულად წარსდგეს უკვე ოფიციალური კონცერტით , ქართველი მაყურებლის წინაშე, მაგრამ არავინ იცის , როდის. კიდევ აღმოჩნდა რომ ბერას შეყვარებული არ ყავს და ნებისმიერ გოგონას შეუძლია იმედოვნებდეს, რომ სწორედ ისაა ის ერთადერთი, ვინც ამომავალი ვარსკვლავის გულს დაიპყრობს და მის გვერდით ღირსეულ ადგილს დაიკავებს-დარბაზიდან დასმული ერთ-ერთი შეკითხვა: ბერა შეყვარებული გყავს? სწორედ ამ ქვეტექსტის მატარებელი იყო, მე მჯერა, თუმცა იყო სხვა კითხვებიც, რომელიც ძირითადად იმიტომ იყო დასმული , რომ ამა თუ იმ თინეიჯერს ცხოვრებისეულ ბედნიერებად ქცეოდა ის ფაქტი, რომ ბერასთან კონტაქტში შევიდა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე გათამაშდა აიფონიც, თუ სწორად მოვკარი თვალი! ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ფეისბუქის მასშტაბით ტარდებოდა კონკურსი, სადაც ნებისმიერ მსურველს უნდა წარედგინა ნახატი, ფოტო და ა.შ, თემაზე: “შენსავით ლამაზი სიმღერა დავხატე”, ჰოდა ნახატი მართლაც ლამაზი იყო და როგორც ობიექტური მაყურებელი, როგორც მხატვარი და როგორც უბრალოდ გემოვნებიანი ადამიანი, სიამაყით ვამბობ რომ ჯილდო უდაოდ ღირსეულ გოგონას ერგო, რომელსაც აიფონთან ერთად ბერას გულწრფელი ჩახუტება ხვდა წილად.

ბერას მკლავებში აღმოჩნდა ყველა ის გოგონაც, ვინც სურვილი გამოთქვა, შეესრულებინა ნაწყვეტი მისი რომელიმე სიმღერიდან, თუმცა პრიზი, ბერას სტუდიის დათვალიერება, წილად ხვდა პატარა ბიჭუნას, რომელმაც თავადვე არ უწყოდა როგორ მოხვდა სცენაზე და როგორ წაილუღლუღა ჩემთვის და ალბათ ყველასთვის გაუგებარი სიტყვები ბავშვურ ენაზე. გადაწყდა, მომღერლის სტუდიას ბავშვის მთელი ოჯახი ესტუმრება!(აქ შესწორება! გამარჯვებული სხვა ყოფილა, გოგონა, ცირა, რომელმაც მართლაც კარგად იმღერა, ბერას ხუმრობამ შეცდომაში შემიყვანა)

და ბოლოს, დადგა ჟამი, გვეხილა ფართო მასებისთვის ჯერ მიუწვდომელი და ექსკლუზიური კლიპი, ჰიპ-ჰოპ ვალსი, რომელიც სამჯერ განმეორდა დიდ ეკრანზე და მართლაც რომ დაიმსახურა მსმენელთა მოწონება. რაც შემეხება მე: არ მიყვარს რეპი და მასთან მიბმული ჟანრები, ასე რომ ბევრს არფერს მოველოდი. არ მიყვარს რეპერების უხეში და გამომწვევი შესრულება, არანაკლებ გამომწვევი ტექსტებითურთ, თუმცა შესრულებას რა უშავდა, სიმღერის დროს რომ არ მოეჭრა ყური შემდეგ სიტყვებს: …”ასეთი მამის შვილს ნამდვილი ბოზი მირჩევნია ქალიშვილს…”

-ჩემო ბერა, შენ ალბათ დიდი ხანია საქართველოში არ ჩამოსულხარ და ალბათ არ იცი, ქალიშვილობის ინსტიტუტი როგორ მიექანება ღრმა უფსკრულში, ასე რომ შენი ამერიკული მსოფლმხედველობით ვერავის გააკვირვებ, თან რა დააშავეს უბრალო მამების შვილებმა , მაინცდამაინც ქალიშვილებს უნდა დაყაბულდნენ, რადგან ნამდვილი ქალები შენნაირი რჩეულების ხვედრია?

მცირედი გადახვევისთვის ისევ მომიტევეთ და კვლავ დავუბრუნდები ქრონიკებს: დესერტად შემოვიტოვე ყმაწვილის გარეგნობა და ქცევები, რომელმაც ერთის მხრივ ჩემი გულწრფელი შეშფოთება და მეორე მხრივ მოწონება დაიმსახურა: შევშფოთდი იმიტომ, რომ ეგზომ კარგი და კეთილი ბიჭი კარგად შეფუთულ თოჯინას გავს და მაღელვებს მისი შემდგომი განვითარების ეტაპები, ვინაიდან თვითონ ჯერ კიდევ ბავშვია და არ უწყის რას სჩადიან მის გარშემო მყოფი კეთილისმსურველნი.. მერე რა რომ ბერა რეპერია? უფრო გემოვნებიანი სამკაულებ ჩამოკონწიალებული რეპერიც ბევრი მინახავს, ასე რომ იყავით მეტად დახვეწილები და ნაკლებად ახუნძლულები ბრჭყვიალა სამკაულებით. ბოლოსდაბოლოს რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არაა და ნუ ვაკადრებთ ბიჭს უბრალო ბრწყინვალებას.

ბოლოს მართლა გულწრფელი ვიქნები, ჩემს ჩვეულ სარკაზმს ცოტა ხნით გვერდზე გადავდებ და ვიტყვი, მართლა კარგი ბიჭია ბერა. მხიარული, კონტაქტური, ჯერ კიდევ ბავშვურად გულუბრყვილო და კეთილი. ყოველშემთხვევაში მისი სათვალეების გამოღმა სხვას არაფერს გამოუღწვია, ასე რომ მეც დავტყვევდი მისი მომხიბვლელობით. ვნახოთ რას იზამს ბიჭი, იმედია მისი შთამომავლობა არ დაწერს ტექსტებს, ასეთი ბაბუის შვილიშვილობაზე და მანამდე ორგანიზატორებიც ისწავლიან ორგანიზატორობას, წამყვანები კი საღამოს წაყვანას…

11 thoughts on “how i met Bera-ანუ როგორ ვერ გავხდი ფანი

  1. lasha says:

    ასეთი ბაბუის შვილობაზე არა, შვილიშვილიობაზე ან :დ❤
    ქალო რა ჯასტინი ?

    • An Na says:

      რადა წარმოვიდგინე ჯასტინ ბიბერს რას უზამდნენ ფანები , ამაზე თუ ასე აწივლდნენ და :დ

  2. lasha says:

    ” შევშფოთდი იმიტომ, რომ ეგზომ კარგი და კეთილი ბიჭი კარგად შეფუთულ თოჯინას გავს და მაღელვებს მისი შემდგომი განვითარების ეტაპები, ვინაიდან თვითონ ჯერ კიდევ ბავშვია და არ უწყის რას სჩადიან მის გარშემო მყოფი კეთილისმსურველნი.” :დ :დ :დ ;დ

  3. Sweet says:

    თქვენ ხართ არაადამიანები!!!!!!

    ბერასთან როგორ არ წამიყვანეთ!!!!!!

    გაბრაზებული ვარ :@

  4. catherinemolko says:

    ეგ ბერა ვაფშე ვინაა. არ ვიცი ჩემი გემოვნების გამო თუ სხვა მიზეზების მაგრამ მაგის სიმღერა სასტიკად არ მმომწონს. ისე ბერა თავისუფალია და გოგოებსაც მეტი რა უნდათ. პ.ს მამიკოს ფულის პონტში :დ
    ანგარებიანი ძეტკების ფსიქოლოგია უდნა გამოვიკვლიო

  5. Agasfer says:

    ჰაჰაა lol😀 არადა მეც ვაპირებდი მოსვლას :შ
    ეს ჯასტინი რა უბედურებაა მართლაც, მე მეგონა, ტიმბერლეიკზე ამბობდი :დ

    • An Na says:

      უნდა მოსულიყავი :დ რა ტიმბერლეიკი კაცო, ვიღას ახსოვს ეგ :)))))))))))))

  6. NinucaElectro says:

    რა უცებ გააჰიტეს ვაჰ.. :დ
    მგონი მართლა ბიბერის ბედი უნდა გაიზიაროს ამანაც. ეჰ მეცოდება. ჯერ გააკერპებენ, მერე როცა პოპულარობის პიკში იქნება, უცებ ჩამოვარდება და ბოლოს რამდენი ფანიც ეყოლება, ერთი იმდენი ჰეითერი! :დ:დ:დ
    არაა, ისე არაა ცუდი ბიჭი, მართლა, ძალიან უშუალო ჩანს.)) უბრალოდ ეს “ფანები” მიშლიან ნერვებს.

  7. TFromJungle says:

    ”ასეთი მამის შვილს ნამდვილი ბოზი მირჩევნია ქალიშვილს…”
    ნუთუ ეს მართლა სიმღერიდანაა ამონარიდი?
    ძაან კარგად გიწერია, როგორც ყოველთვის :):) გეთანხმები, რომ ბერა კარგი ბავშვი ჩანს, ნიჭიერიც, სხვათაშორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წელიწადში თვითონვე აღარ მოეწონება ის სიმღერები და თანხმლები მანერები, რაც ახლა აქვს და მომავალში უკეთეს შემოქმედებას შემოგვთავაზებს. მაგის ასაკში, მეც მსგავსი სტილის მუსიკით ვიყავი გატაცებული, გაგიკვირდებათ და, თვითონაც კი დავწერე რაღაც რეპი🙂 ახლა რომ ვკითხულობ მრცხვენია პირდაპირ

Comments are closed.