ატკივებული სახსრები და ფიქრები მოსალოდნელ დავრდომილობაზე

მეზიზღება საავადმყოფოები. რამდენიმე წელია, რაც ჯანმრთელობა გამომისწორდა და წელიწადში ოთხჯერ ფილტვების ანთებით აღარ მიმაქანებენ ხოლმე საავადმყოფოში, მაგრამ სამუდამოდ ხომ ვერ ავარიდებ თავს ?

ამჯერად რაღაც გაუგებრობაში აღმოვჩნდი: დავიძინე და შუაღამისას მეღვიძება, მენჯის მიდამოებში აუტანელი ტკივილით. ჩავთვალე რომ ცუდად მეძინა, როგორღაც პოზა ვიცვალე და ძილი განვაგრძე. დილით ოდნავღა მტკიოდა და დავიკიდე. მეორე დღეს უარესად ამტკივდა, მაგრამ არც ამჯერად გავიტეხე იხტიბარი, მდგომარეობის თავისით გამოსწორების იმედით და დავწექი. სამწუხაროდ, მალევე მომიწია მალამოს მოძიებამ და თვითმკურნალობამ.

იღბალმა მიმტყუნა და ტკივილიდან მესამე დღეს ლამის ლოგინად ჩავვარდი. საღამო ჯანდაბას, იოლად გადავაგორე, დაძინების დრო რომ დადგა, დავფიქრდი, ემანდ სიარულის უნარიც არ დავკარგო მალე-მეთქი.  შამფურზე წამოცმული წიწილი მეგონა თავი, რომელსაც არადა არ ეღირსა შეწვა:)  მოკლედ, 5 საათიანი წრიალის და კვნესის შემდეგ, როგორც იქნა გათენდა და მეც ვისარგებლე იმით , რომ ჯერ კიდევ შემეძლო ფეხზე დგომა და უახლოეს საავადმყოფოში გავიქეცი.

ამიღეს სისხლის ანალიზი, რომლის პასუხი რატომღაც ოთხშაბათს იქნება, მანამდე როგორმე უნდა ვეცადო, არ მოვკვდე.

ეცადეს გავეშვი საკვერცხეების ექოსკოპიაზე, რაზეც სასტიკი უარი განვაცხადე. ექიმებმა მომიტევონ და მე ვერაფრით დავაკავშირე საკვერცხის ანთება და სახსრების ტკივილი და ბოლოს დამიჯერეს. ხელით მომისინჯეს მუცლის მიდამოები და დაასკვნეს, ბევრს ივლიდი, ან ცუდად გეძინებოდა, ან … აქ გაჩუმდნენ და ეჭვის თვალით ამხედ-დამხედეს. არავითარი ან, პატივცემულო, გამორიცხეთ-მეთქი, გავიგიჟე თავი და ბოლოს რეცეპტით ხელში ძლივს გამოვაღწიე გარეთ.

ამასობაში ფეხების ტკივილმაც გადამიარა და გულზე მომეშვა. ვიდრე სახლამდე მივაღწევდი, უკვე მშვიდად შემეძლო იმაზე ფიქრი,  რა მოხდებოდა, თუ მართლა რაღაც სერიოზული აღმომაჩნდებოდა: წარმოვიდგინე დაინვალიდებული ანა, უპერსპექტივო, უღიმღამო და უბედური ცხოვრებით, როგორ დააჩოჩებს ბორბლებიან სკამს და როგორ უხალისებენ კვირაში ერთი-ორჯერ ცხოვრებას მეგობრები და კინაღამ ავტირდი. ეშმაკმა იცის, როდის რა გველოდება ადამიანებს.

არადა სრულიად შესაძლებელია, მიხვიდე ძალიან უბრალო მიზეზით ექიმთან, აიღო ანალიზები და აღმოგაჩნდეს სიმსივნე, ან უბრალოდ წამოწვე გრილ ბალახზე და მეორე დილით პარალიზებულმა გაიღვიძო . პლაჟზე დაგდებულ ნემსს ფეხი დააბიჯო და შიდსით დაინფიცირდე…

მოკლედ, იოლად გადავრჩი: ყველაფერი ადგილზეა, უვნებელი და ოდნავ სახსრებატკივებული ვარ, მეტი არაფერი. მაგრამ ეს უბრალო წამოტკივებაც კი გახდა მიზეზი, პანიკაში ჩავვარდნილიყავი და საკუთარი თავი გამომეტირებინა. არაუშავს, მგონი მართლა ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება , ჩემს წუწუნს კი ამჯერადაც აიტანს ბლოგი და მისი მკითხველი 🙂

3 thoughts on “ატკივებული სახსრები და ფიქრები მოსალოდნელ დავრდომილობაზე

  1. Jessie ამბობს:

    გილოცავ, რომ მასე იოლად გამოძვერი.. რა უნდა ელოდო მაგათგან.. მასე სურდო მქონდა და შემდეგ წელიწადნახევარი ცხვირით ვერ ვსუნთქავდი, და ექიმთან ,რომ მივედი, მეთქი იქნებ პოლიპები ან რამე უბედურება მაქვს..იცი სად გამგზავნა? გინეკოლოგთან… ნუ გავაფრინე.. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ,რომ სურდოს და გაციებისას ვიწვეთავდი ნავტიზინს და შეჩვევა გამოიწვია, რის შედეგად წვეთების გარესე ვერ ვსუნთქავდი… ვერ ვიტან საქართველოს “ოღონდფულიგავაკეთოდამოკვდითუგინდა: პრინციპს 😦

  2. Quinni ამბობს:

    mec mase var … odnav rame amtkivdes da panikashi vvardebiii… gushin mzeze didxans viyavi gamomayara da saxlshi rogorc ki movedi saxlshi gavvardi bebiachemtan samsaxurshi da vkitxe bebo xom kargad viqnebitwoo :D:D:D

დისკუსია დახურულია.