ვიდრე დავჩლუნგდები

ადამიანების ამოჩემება ვიცი საშინლად. ვიღაც ან ძალიან მესიმპათიურება და უამრავ რამეს ვუტარებ და ვპატიობ, ან ძალიან არ მომწონს და კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებ. დედაჩემი მეუბნებოდა იმ დღეს, რომ სჯობს ცოტა შევიცვალო და მეტი მიმტევებლობა ვიქონიო. მგონი უკვე ძალიან გვიანია. 20 წელი განსაკუთრებით მძიმეა ცვლილებებისთვის. როცა უკვე გგონია რომ შენ მკვეთრად ჩამოყალიბებლი , ზრდასრული ადამიანი ხარ და ყველასა და ყველაფერზე საკუთარი, დამოუკიდებელი აზრის ქონა მოგეთხოვება.

როცა დედაჩემისა და ჩემს მსჯელობას ვადარებ ხოლმე, საოცარ განსხვავებას ვხედავ. მე ძალიან კატეგორიული და კრიტიკოსი ვარ, ის კი ყველაფერში ცდილობს, დაინახოს რაღაც დადებითი. როცა ნიჭიერიდან განრისხებული დავბრუნდი, ნაბიჯის შედგმა არ დამაცადა, ისე მომახარა, საწყალი ვანო ფიფია, როგორც იქნა ცხოვრებაში რაღაც ეღირსებაო. გავოგნდი და პირველად დავფიქრდი რომ ის ბავშვი მართლა საცოდავია და თუმც ნიჭიერის ფორმატი მის განიჭიერებას არ ითვალისწინებდა და ახლაც ვფიქრობ რომ ერთ-ერთი უსამართლობა მოხდა ჩემს თვალწინ, მაინც ჩავიქნიე ხელი, ჯანდაბას, დაე შეირგოს ნიჭიერის ტიტული და პრიზები … ცოდოა… მერე ვიკიდებ და ამ თემას აღარასდროს დავუბრუნდებოდი ალბათ, რომ არა ეს პოსტი.

იმაზე ვსაუბრობდი რომ ამ ასაკში თავი ყოვლისმცოდნეები გვგონია. ზოგჯერ ოდნავადაც არ გვინდა ეჭვის შეტანა ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში, იქნებ ეს ასე სჯობდა? იქნებ ? კითხვა იქნებ სრულიდ ამოღებული გვაქვს ლექსიკონებიდან და ჩვენი ფიქრები მხოლოდ უნდაზეა კონცენტრირებული… საიდან ამხელა ეგოცენტრიზმი? ან მართლაც იქნებ მხოლოდ ჩემი გადასახედიდან ჩანს ასე და ზოგადად ყველაფერი რიგზეა?

ამაზე ხშირად და ცოტ-ცოტას ვფიქრობ, უფრო წლების მომატებას ველოდები, მაინტერესებს ცვლილებები რამდენიმე წელიწადის განმავლობაში, ახლა კი ეს ყველაფერი იმიტომ დამჭირდა რომ ცხვირწინ ჩემი ერთ-ერთი კრიტიკის და ლანძღვის ობიექტი მიტრიალებს, რომელიც დილაადრიან მიღებს კარს და მეკითხება: ანა, ამ კაბაზე შავი მაისური წავა? მეკიდევ მოთმინებით და აუღელვებლად უკვე მერამდენედ ვურჩევ რომ არა, სჯობს ნაცრისფერი ჩაიცვას, ვინაიდან და რადგანაც შავ კოტუმსა და ჭრელ კაბაზე კიდევ ერთი შავი ფერი უკვე ცუდია, ცუდი ! ამ ყველაფრის თქმას ერთი დაყვირება, შენ ქალო სულ დაკარგე ჭკუა, ნეტავ იცოდეთ როგორ მირჩევნია, მაგრამ მახსენდება ელემენტარული ქცევის წესი, რომელსაც უკანასკნელ ნაძირალასთანაც კი ვიყენებ ხოლმე და ვდუმვარ, უბრალოდ გვერდს ვიცვლი და შეძლებისდაგვარად ძილს ვაგრძელებ, თუმცა მოზღავავებული ბრაზისა და გინების თანხლებით ეს უკვე აღარ გამომდის და ისევ ლეპტოპით ვიქცევ თავს.

გადის ათი წუთი და ის ისევ ბრუნდება: ანა, ამ შაბათ-კვირას სალონში ვერ წამყვები? მე მშვიდად ვუხსნი რომ ამ პარასკევს, შაბათს და კვირას  კვარიათში გავატარებ და უმჯობესი იქნება, თუ მარტო წავა სალონში. სინამდვილეში კი მინდა ვუთხრა, ათას სალონშიც რომ წავიდეს, მაინც იგივე ხეპრედ დარჩება, როგორიც აქამდე იყო. რადგან უკვე მღვიძავს და ლეპტოპიც ჩართული მაქვს, ყურსასმენებს ვიკეთებ და ვცდილობ მუსიკას მოვუსმინო.

და ზუსტად 5 წუთში კარი ისევ იღება და ის მეუბნება : ანა, არ გინდა როდისმე ლომისში წავიდეთ? ა? იმ ლომისში ძალიან შორს რომაა და ძალიან ბევრი რომ უნდა იარო ფეხით, მერე ეშმაკმა უწყის იმ ჯაჭვს აწევ თუ არა?-ვეუბნები მე. ის შფოთავს, აქაოდა ჩემი ცოდვებით დამძიმებულმა ჯაჭვი რომ ვერ ავწიო რა მეშველებაო და სასწრაფოდ ბრუნდება უკან. აქ სხვა რამის თქმის სურვილი აღარ გამჩენია, ჩემი თავით სრულიად კმაყოფილმა ჩავიცინე და ისევ გავაგრძელე ჩემს ფლეილისტში ქექვა.

ჰოდა, როცა “მოზრდილებს” ასეთ რამეებზე შევჩივი, ყოველთვის მეუბნებიან, რომ გავა დრო და ვისწავლი ადამიანების მოთმენას. არადა ვფიქრობ, არათუ ადამიანების მოთმენა, მათი ატანა უკვე დიდი მიღწევაა. მე იმასაც ვფიქრობ რომ დროთა განმავლობაში ადამიანი ჩლუნგდება და სათანადოდ ვეღარ აფასებს მოვლენებს.

და კიდევ, პოსტის დასასრულსაც ვფიქრობ, რომ ახლა საუკეთესო დროა ყველაფერი დაწუნებული მიწასთან გაასწორო. ჩვენ ხომ ჯერ ისევ ბავშვები ვართ? ჰოდა, სანამ დროა, არ დავინდოთ არავინ და არაფერი, ან გვიყვარდეს და ვაღმერთებდეთ🙂

3 thoughts on “ვიდრე დავჩლუნგდები

  1. Mari says:

    ძალიან მოქმედებს ეგ გოგო შენს ნერვებზე. ისე, კიდევ კარგად ხარ. ვერ ვიტან, როცა სახლში ზედმეტი ხალხი დაფუსფუსებს, აი, ლამისაა ვიკივლო ხოლმე. ახლა მინდა ამაზე პოსტის დაწერა😐

  2. knuti says:

    ბოროტო!😐
    არ ჰყავს აქ სხვა არავინ, არავის იცნობს, ცოდოა ის გოგო😐 სხვა ვის ელაპარაკოს? ვის ჰკიტხოს რჩევა? ან ვინ გაიყოლოს სალონში?

    თანაც რჩევას იმიტომ გეკითხება,რომ თვლის გემონებიანი ხარ. პირიქით, უნდაგიხაროდეს, რომ შენს აზრს აფასებენ.😐
    არ მომეწონა შენი ეს საქციელი😐

Comments are closed.