ნუ სწუხარ, მეგობარო

ზოგჯერ ცხოვრების კანონზომიერება მაგიჟებს. იმდენად უმწეოდ ვგრძნობ თავს, რომ აღარ ვიცი რა გავაკეთო, საერთოდ რამე გავაკეთო თუ არა, რისთვის ვარსებობ… არა, დეპრესიაში არ ვარ. უბრალოდ ამ მომენტს ბავშვობიდან ველოდებოდი საშინელი შიშით. არც ვფიქრობდი, რომ ოდესმე დადგებოდა დღე და ჩემი რომელიმე საყვარელი ადამიანი მოკვდებოდა.

გუშინ, დილით, დედაჩემმა დამირეკა და მითხრა რომ ბებია გარდამეცვალა. ფაქტიურად შეგუებული ვიყავი, 2 კვირა კომაში იყო და ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, რომ ვეღარ გადარჩებოდა. არც არავისთვის მითქვამს, რაც ხდებოდა. გუშინაც, ტელეფონი გავთიშე, მშვიდად ჩავიცვი და მეგობრიდან წამოვედი… 6 საათი მქონდა გარეთ გასატარებელი და ამ 6 საათის განმავლობაში არც ერთი ცრემლი არ უნდა გადმომვარდნოდა. ყოველ 5 წუთში ჩემს თავს ვეუბნებოდი, ანა  გაჩერდი, გაჩერდი! და ვჩერდებოდი.

ბოლოს როგორც იქნა სახლში წამოსვლის დრო მოვიდა და ნელ-ნელა უბანს ვუახლოვდები. როცა თავს სამშვიდობოზე ვიგულებ, თავისით მომდის ცრემლები და ისევ ვცდილობ თავშეკავებას. უკანაკნელი ძალა კარებზე ზარის დასარეკად მყოფნის და ცრემლებად ვიღვრები ოთახში შევარდნილი.

მერე ვჩუმდები და თითქოს ვეგუები. ცხვირს კომპიუტერში ვრგავ და არაფერს ვიმჩნევ არც საკუთარ თავთან, არც სოციალურ ქსელებში. მწუხარე სტატუსებს არ ვპოსტავ, ვცდილობ ან ვითამაშო, ან დავიძინო. ბოლოს ვიძინებ კიდეც..

დილით ადრე უნდა ავდგე და დედაჩემთან ჩავიდე. ვიღვიძებ, ვიცვამ რაც შეიძლება მუქ ტანსაცმელს და მივდივარ. გზაში სამი საათი უნდა ვიჯდე და გუშინდელივით , ერთი ცრემლიც არ უნდა გადმომივარდეს. ჩავდივარ. ტაქსში ვჯდები და სახლში მივდივარ. ეზოში შევდივარ და მეორედ ვიღვრები ცრემლად.

აქ უკვე მიწევს სახლში შეკრებილი ჭირისუფლებთან მოვიხადო ვალი, როცა ბალიშისქვეშ თავის შერგვას და ღრიალს არაფერი მირჩევნია. ჩემი ოთახისკენ გავრბივარ და ასეც ვიქცევი. ვგრძნობ რომ დედა მიახლოვდება და ზურგზე მკოცნის. ვბრუნდები და კალთაში ვუდებ თავს. კედლის უკნიდან ფეხის ხმები მესმის და ბებიაჩემის ფეხის ხმაში მერევა. უცებ მახსენდება რომ ვეღარაფერშიც ვეღარ ამერევა მისი ნაბიჯები და ვკვდები. ყურებზე ბალიშს ვიფარებ, რომ არაფერი გავიგონო მასზე კარგი. არადა ყველაფერი მკაფიოდ ისმის და ვერსად ვიმალები… ცოტა ხანში ისევ მეჩვენება რომ გარეთ ბებია ლაპარაკობს და ისევ მახსენდება რომ ვერასდროს დამელაპარაკება.

ბოლოსდაბოლოს ცრემლის ყველანაირი მარაგი მეწურება და ახლა უკვე შემიძლია გავიდე და ნათესავებთან ერთად დავჯდე. რატომღაც ყველა მიყურებს, თითქოს უცნაური ცხოველი ვიყო და არასდროს ვენახო. ვგრძნობ, როგორ მეზიზღება ირგვლივ ყველა და ვცდილობ სადმე დავიმალო. დიდი ხნის უნახავი ახლობლები კი ოთახიდან ოთახში დამყვებიან და თავიდან ვერ ვიშორებ. ეტყობა ადამიანის სიკვდილს ყველა მიჩვეულია ჩემ გარდა…

ბოლოს აღარ სცალიათ და მეც მშვიდად ვიკეტები ჩემს ოთახში და მეძინება. შედარებით უკეთეს ხასიათზე ვიღვიძებ, უკვე სრულიად დარწმუნებული, რომ ეს ყველაზე პატარა და უმნიშვნელო ტრაგედიაა , ფაქტიურად შემამზადებელი ეტაპი იმისა, რაც შესაძლოა მელოდებოდეს, და რაც აუცილებლად მელოდება: მე ჯერ მხოლოდ ბებია დამეღუპა და პირველი ტკივილი გადავიტანე. მერე დედაჩემიც დაბერდება და ისიც წავა. მერე მე და ჩემი ჯერარდაბადებული შვილი დავრჩებით და არ ვიცი, რამდენ დედას გამოცლია ხელიდან შვილი?… ამისთვისაც მზად უნდა ვიყო. და ბოლოს, ჩემი სიკვდილისთვის უნდა მოვემზადო და გავითავისო.

ნეტავ კიდევ რამდენჯერ უნდა ვუთხრა ჩემს თავს: ნუ სწუხარ, მეგობარო…

6 thoughts on “ნუ სწუხარ, მეგობარო

  1. kikito says:

    საყვარელი ადამიანის წასვლაზე მტკივნეული არაფერია, ყველაზე მეტად ამის მეშინოდა ყოველთვის… არ ვიცი როდის ღდგებიან ასეთი ამბების მერე, მაგრამ ზოგჯერ მგონია ისევ ისე არ ვიქნები არასოდეს, აი ტკივილი ძნელად გადის ხოლმე ჩემთან და ასეთი მითუმეტეს…
    ამიტომ მესმის შენი კარგად, თან ახლა და ვიზიარებ ან :*

  2. aNo says:

    სამწუხაროდ გამოცდილი მაქ როგორია საყვარელი ადამიანის დაკარგვა და ის ტკვილიც რომ ვალდებული ხარ სხვების თანდასწრებით გაჩუმდე და შენთვის ჩუმად ოთახში მწარედ იტირო,ძალიან ბევრჯერ მაქ გამოცდილი და შენი ძალიან კარგად მესმის…. ვიზიარებ😦 რაც შეეხება პოსტს ძალიან კარგად გაქ დაწერილი🙂

  3. Mari says:

    მეც მასე ვიყავი, დიდი ბებია რომ გარდამეცვალა. ორი დღე მიმალავდნენ, მაგრამ უკვე ვიცოდი და არაფერს ვიმჩნევდი. სკოლაში ჩუმ-ჩუმად ვტიროდი ხოლმე.
    ისე, ადამიანები როგორი უსუსურები ვართ და მაინც რა ძლიერები.. რამდენი ახლობლის დაკარგვას ვიტანთ

  4. siyvarulovna says:

    იკვდილის ყველაზე მეტად მეშინია :ს ჩემის იმდენად არა რამდენადაც საყვარელი ადამიანების

Comments are closed.