პიარის მცდელობა შიშველი სიმართლით

რამდენიმე დღის წინ მკითხეს, როგორ ბლოგებს ვკითხულობ. უფრო სწორად ვის ბლოგებს ვკითხულობ. რომ დავფიქრდი, აღარაფერს არ ვკითხულობ , ისე რომ მუდმივად მიდევნებული მქონდეს თვალი. შევდივად მხოლოდ მაშინ, თუ ჩემს ვოლზე საინტერესო სახელწოდების მქონე შეარს ამოაგდებს და ავტორი “შემიტყუებს”. ბლოგების კითხვა არ მომბეზრებია, უბრალოდ ძალიან ბევრია, მართლა. ძველი ბლოგერები აქტიურად აღარ წერენ და მათ ახლები ენაცვლებიან, დიდი ენთუზიაზმით, აღფრთოვანებით და დღეში 2 -3 და ზოგჯერ 4 ახალი პოსტით.

როცა წერას იწყებ, გგონია, რომ მუდმივად სავსე იქნები აზრებით და წერის სურვილი ყოველთვის გაგყვება, მაგრამ ორიოდე თვეში ზოგი ხვდება, რომ უნდა გაჩერდეს, ზოგი კი ინერციით აგრძელებს წერას. პრობლემა იმაშია, რომ ძალიან ძალიან ძალიან ბევრი პირადი და კიდევ უფრო ბევრი “შერეული” ტიპის ბლოგი არსებობს, სადაც ე.წ აქტუალურ თემებზე ხდება წერა. როცა ათი  და ოცი პოსტი ერთსა და იმავე პრობლემას ეხება, თუ მუდმივი მკითხველი და ბლოგერის ენამჭევრობით მოხიბლული არ ხარ, ფეხსაც არ შეადგამ სათაურის წაკითხვისას უკვე გადაღეჭილ თემის წასაკითხად…

მეც, როცა წერას ვიწყებდი, მეგონა, რომ ჩემამდე ამა თუ იმ თემაზე არავის დაეწერა და მიხაროდა. ახალ ბლოგებს რომ წავაწყდები, უამრავი მათგანის წერის სტილი მომეწონება ხოლმე, მაგრამ ის თემები, რაზეც წერენ, მაგალითად პრობლემები მშობლებთან, კლასელებთან, საზოგადოებასთან, შეყვარებულებთან და ზოგადად კაცობრიობის პრობლემები უკვე უამრავჯერ დაწერილა ბლოგებზეც და არა მხოლოდ.

ერთი, რაც მართლა დადებითი აქვს ამგვარ პოსტებს, ჩემთვის პირადად, არის ის, რომ ზოგჯერ დროულად წავაწყდები ზუსტად იმას, რაც მინდა იმ წუთებში მოვისმინო, რაც მჭირდება.

მეც , გადავწყვიტე რომ ნაწილობრივ,  ჩემი თავი “ამოვწურე”. მეც აღარ მაინტერესებს ჩემი “ბრძნული” მსჯელობა, იმიტომ, რომ ზოგჯერ აქ გადმოტანილი გენიოსობები მეორე წუთში მეც კი სასაცილო და გამოუსადეგარი მეჩვენება, არათუ სხვებს, არანაკლებ დატვირთულებს მსგავსი პრობლემებით, რომლებსაც სხვისი რჩევა და სხვისი გამოცდილება იშვიათად თუ შველის.  მაგალითად, გუშინ დიიდი პოსტის დაწერას ვაპირებდი იმაზე, თუ რატომ არ უნდა გაითვალისწინო ვიღაცის თავსმოხვეული რჩევა და რა გამოუყენებადი რამაა ზოგადად ვინმეს მოცემული რჩევები, მაგრამ გადავიფიქრე. ეს ისედაც ყველამ იცის და ისინიც კი, ვინც ამბობენ, რომ რჩევებისადმი კარგად განწყობილნი არიან, ზედ გადაუვლიან სხვის აზრებს და ცხვირს წაიმტვრევენ ხოლმე გადამწყვეტ მომენტში(აი ასე, მოკლედ გადმოვეცი ის, რაზეც მთელი ბლა ბლა უნდა დამეწერა).

ჰოდა , სათქმელი მეტისმეტად რომ არ გამიგრძელდეს, მოდით, ვწეროთ მართლა იმის შესახებ, რაზეც ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია არაა. რატომ უნდა ინახებოდეს საჯარო ბიბლიოთეკაში, ვიღაცის კარადებში უამრავი საინტერესო ფაქტი, თემატიკა, როცა ყველა პირველ რიგში დაგუგვლით ეძებს ინფორმაციას და მერე გარბის წიგნების მოსაპოვებლად. შენი თემატიკით ხომ შეიძლება არაერთ ადამიანს გაუადვილო საქმე, მით უმეტეს, ჩვენ ხომ წერა ასე გვიყვარს და ასე კარგად გამოგვდის?:)

მომბაძეთ მეგობრებო!

3 thoughts on “პიარის მცდელობა შიშველი სიმართლით

  1. litterator ამბობს:

    ამიტომაც დავიწყე ჩემი კონსპექტების გაციფრულება, იმდენია ეყოფა ბარე 30 ბლოგს 😀 😀

  2. litterator ამბობს:

    თუმცა ვამოკლებ ცოტას და ისე ვდებ, მაინც ბლოგია 🙂

  3. Dreamar ამბობს:

    თუ თემა მაინტერესებს, მის შესახებ სხვადასხვა პოსტსაც წავიკითხავ. თუნდაც რამდენიმეს. არ მგონია ერთ პოსტში ჩაეტიოს ყველა აზრი რომელიმე საკითხთან დაკავშირებით.მაგალითად, ბათუმის კინოფესტივალზე რამდენიმე ბლოგერი წერდა და თითქმის ყველას პოსტს ვკითხულობდი: მიუხედავად იმისა, რომ თემა ერთი იყო, პოსტები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ასევე უნივერსიტეტში დატრიალებულ ამბებზე ვკითხულობდი გატაცებით ყველა პოსტს.
    რაც შეეხება “ბრძნულ” მსჯელობებს პოსტებში: რამდენ რამეზე მინდა ხოლმე დავწერო, მაგრამ მეორე წამს სისულელედ მომეჩვენება და აღარ ვწერ. ბევრი ძველი პოსტიც არ მომწონს და წაშლა მინდა ხოლმე, მაგრამ თან მენანება :/

Comments are closed.