მკიდია

დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ამ სიტყვას ვამბობ. თუ ხმამაღლა არა, გულში მაინც გავივლებ ხოლმე და მშვიდად ვაგრძელებ ისევ ჩემებურად ფიქრს, თუმცა ზოგჯერ მრცხვენია, როგორ შეიძლება ესა თუ ის ღირსშესანიშნავი მოვლენა გეკიდოს და აღფრთოვანებით, ან გულისწუხილით არ ხვდებოდე ამა თუ იმ ამბავს, ამიტომ ხანდახან ცოტათი შფოთავს ჩემი დარცხვენილი გონება და რეაგირებს გარეშე გამღიზიანებლებზე.

რაც შეეხება სინამდვილეში ჩემს შინაგან მდგომარეობას, მას ისევ ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, ან თითქმის ყველაფერი…  ალბათ გაინტერესებთ რა შედის ამ ყველაფერში:

  • მე არ მადარდებს და გულთან ახლოს არ მიმაქვს ჩემი პრობლემები, მე მათ უბრალოდ ვაგვარებ;
  • მით უმეტეს არ მადარდებს სხვების გასაჭირი, მე მათ უბრალოდ შეძლებისდაგვარად ვეხმარები;
  • საერთოდ არ მადარდებს იმ არსებების ბედ-იღბალი, რომელთაც არ ვიცნობ და რომლებზეც მხოლოდ ის ვიცი, რომ ისინიც ჩემებრ ადამიანები არიან, მე მათ უბრალოდ ვეგუები;
  • არ მადარდებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, კარგის მომტანია ისინი ქვეყნისთვის თუ არა, მე მათში უბრალოდ ვმონაწილეობ, ან არ ვმონაწილეობ;
  • არ მადარდებს ადამიანების წუწუნი და მოთქმა, მე მათ უბრალოდ რჩევებს ვაძლევ… ძირითადად უვარგისს…
  • არ მადარდებს საცობები ქალაქში, საცობები ტრანსპორტში-გარშემომყოფების შეწუხებულ სახეებს ვაკვირდები და მათ გონებაში შეღწევას ვცდილობ ხოლმე;
  • არ მადარდებს მომავალი გამოცდა, რადგან ვიცი, ან ჩავაბარებ, ან გადავაბარებ;

ამჯერად მეტი ვერაფერი გავიხსენე , თუმცა ჩამონათვალი ფრიად გრძელია… ალბათ იკითხავთ, რა არ მკიდია, ან საერთოდ ჩემს ინტერესს იწვევს რამე ამქვეყნად? დიახ, ძალიან ბევრი რამ…

  • დილით, ოთახის ფანჯარაში შემოღწეული მზის სხივები და ჩიტების ხმა არ მკიდია;
  • გაზაფხულზე ახლადდაგებული გზიდან ამოწვერილი ჯიუტი ბალახის ბედი მადარდებს და ერთი თვის წინ ნანახ ამ მოვლენაზე უფრო ხშირად ვფიქრობ, ვიდრე ჩემს ახლო ნათესავებზე და მეგობრებზე;
  • შარშან წაკითხული წიგნის პერსონაჟების ბედ-იღბალს დავტრიალებ ისევ და ნაწარმოების დასასრულს ჩემებურად ვაგრძელებ და ვავრცობ;
  • სოფელში, სიმწვანეში გატარებული დღეები და ფიქრი არ არ მკიდია და მართლა მიყვარს;
  • ჰო კიდევ, ცხენები… ყველაზე მეტად რა გამაბედნიერებდა ახლა? ლამაზი და მოხდენილი ცხენის ზურგზე ქროლვა და ცხელი ქარი , სახეს რომ გიწვავს და სუნთქვას გიკრავს… ეს არ მკიდია;
  • ღამეები არ მკიდია, მეგობრებთან ერთად საუბარში თეთრად გათენებული;
  • არც ერთი დედაჩემის სიტყვა არ მკიდია და მგონია რომ ყველა დარიგება , ყველა რჩევა, რაც კი ოდესმე მოუცია, ზეპირად მახსოვს;

ჩამონათვალი არც ახლაა სრული და ალბათ მიხვდებით რისი თქმა მინდოდა და რისთვის ვწერე ამდენი: მე როცა ვამბობ მკიდია, ეს ნიშნავს, რაღაც გულთან ახლოს არ მიმაქვს, ეს ამბავი ცუდ ემოციას არ იწვევს ჩემში, მე უბრალოდ მოქმედებას ვიწყებ საჭიროებისამებრ. თუ რაღაც ან ვიღაც არ მკიდია, ესეიგი ეს რაღაც თუ ვიღაც მახარებს , ბედნიერებას კი არასდროს ვუშვებ ხელიდან.

ყოველთვის ვცდილობ დადებითი ემოციებით ვიცხოვრო და ჩემი სამყარო შევიქმნა, მხოლოდ ჩემი, სადაც პრობლემებს, მიუხედავად იმისა რომ ჩემს ცხოვრებაშიც საკმაოდ ხშირია ისინი, არაფერი ესაქმებათ, სრულიად არაფერი . მე ისინი მკიდია !

5 thoughts on “მკიდია

  1. Mari ამბობს:

    რა კარგია, რომ მწვანე რამეები გყვარებია, თურმე 🙂 და მზის სხივები კიდე ;D

  2. აქსიომა ამბობს:

    ძალიან მაგარია: ჯერ ის, რომ ეს ყელაფერი გაიაზრე და მერე იმიტომ რომ “დაიკიდე”! 🙂

დისკუსია დახურულია.