გამოუსწორებელი შეცდომები

იმდენი შეცდომის ჩადენას ვასწრებთ სიცოცხლის მანძილზე, მიკვირს ხოლმე. ჩვენი შეცდომების მესამედის ოდენი, რამე ჭკვიანური რომ გაგვეკეთებინა თითოეულ ჩვენგანს, ძალიან დიდი წინსვლა გვექნებოდა ცხოვრებაში. ზოგიერთი შეცდომა უმნიშვნელოა, არაფრად რომ არ ჩააგდებ ისეთი და არასდროს ინატრებ, ნეტავ შემეძლოსო, დროის უკან დაბრუნება.

ზოგჯერ კი სიმწრისგან, როცა არ იცი რა გააკეთო, არათუ დროის უკან დაბრუნებას, სიკვდილს ნატრობ, გარშემომყოფების დახოცვას და რას აღარ, ოღონდ კი თავიდან აირიდო შეცდომისგან გამოწვეული სიტუაცია.

ახლა, როცა ვზივარ და ჩემს გაუბედურებულ დეიდაშვილს და მის კიდევ უფრო გაუბედურებულ ცოლს ვუყურებ, მათი ყოფა სწორედ ერთ-ერთი გამოუსწორებელი შეცდომის ნაყოფი მგონია.  როცა გავიგე რომ პრობლემები დაეწყოთ და სიყვარული სადღაც გაქრა, რამდენიმე თვის თავზე, ვფიქრობდი რომ დაშორება საუკეთესო გამოსავალი იყო, მაგრამ ყოველთვის ასე იოლი არაა გაყრა და ურთიერთობის დამთავრება. მით უმეტეს მაშინ, როცა ერთ-ერთს წასასვლელი აღარსად აქვს და ღმერთმა იცის, რა ელოდება ცხოვრებაში. 

ასე უზის დათოს ცოლი სახლში და ღმერთმა იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება კიდევ ეს…  არადა ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მართლა შეიძლებოდა.

ამათ რომ ვუყურებ, ნერვიულობისგან ლამის სული გამძვრეს, როცა ვხედავ, ან ერთი როგორ იტანჯება, ან მეორე. ერთი იმიტომ რომ აღარ უყვართ, მეორე იმიტომ რომ გასაქცევი და ცოლიდან წასასვლელი გზა ასე იოლი არ აღმოჩნდა.

როცა რაღაცას ვაშავებთ და იმ წუთებში სულაც არ მივიჩნევთ დიდ ტრაგედიად მოსალოდნელ საშიშროებას, ნეტავ რას ვფიქრობთ? ნუთუ მართლა ყველაფრის გამოსწორება შეიძლება? რატომ გვგონია რომ გამოსავალი ყველაფრიდანაა და როცა ცხვირწინ კედელს აგვაფარებენ, სადმე ვიღაც მოწყალე უჩინარი პატარა ხვრელს დაგვიტოვებს? იმიტომ რომ უსაზღვროდ და უაზროდ ოპტიმისტები ვართ ადამიანები.

ვერასდროს ვერ აღვიქვამთ, როგორ შეიძლება გააფუჭოს მთელი დარჩენილი ცხოვრება და მომავალი ერთმა არასწორმა ნაბიჯმა და ისე პანტაპუნტით ვუშვებთ შეცდომებს, მანამ , ვიდრე ახალგაზრდები ვართ და ყველაფერი “გვეპატიება”, მიკვირს… ჩემი თავისგანაც და სხვებისგანაც.

ყოველთვის მეშინოდა დაგვიანების.. ყველგან. სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, პაემანზეც, უბრალო შეხვედრაზეც… განსაკუთრებით იმის მეშინია, რაიმის გააზრება ხომ არ დამაგვიანდა. იმედია , აქამდე დაშვებული ყველა შეცდომა წვრილმანია და ნერვიულობა აღარ ღირს. არ მინდა ოდესმე გადაუჭრელი  პრობლემის წინაშე  აღმოვჩნდე და იმედი გადავიწურო. იმედი, რომ აქედანაც გამოვძვრები. იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმედი რომ ჩემს მომავალზე ეს შეცდომა გავლენას ვერ მოახდენს.

ამისთვის ერთადერთი რამეა საჭირო: პირველ რიგში , უნდა ვიფიქროთ და არა ვიმოქმედოთ

19 thoughts on “გამოუსწორებელი შეცდომები

  1. Seymour Glass ამბობს:

    ჰმ. იცი, ხანდახან პირიქით, დაშორებაა ყველაზე ადვილი გზა. დაკრავ ფეხს და წახვალ, იმის გამო რომ რაღაც არ მოგწონს. სირთულეების შეგეშინდება და გადაუსმევ უცებ ყველაფერს ხაზს. რაღაცით თვითმკვლელობას გავს ისი. ხანდახან სილაჩრის გამოხატულებაა.
    ეხლა რაც შეეხება, იმას რაც დაწერე. ჩემი ღრმა რწმენით გამოუსწორებელი შეცდომა, მკვლელობის გარდა, არ არსებობს. რაც არ უნდა იყოს, თითქმის ყოველთვის ჩვენ გვაქვს არჩევნის საშუალება. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში სულ ასე იყო, ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი. : )

    • anna ამბობს:

      გუშინ ვუყურე, როგორ მოკლა ფეხმძიმე გოგო ვიღაც ბიჭმა. იმედზე.
      ეს შეცდომის გამოსწორების მისეული გზა იყო ალბათ…
      არსებობს რაღაცები, რაც შესაძლოა ჩვენი აზრით გამოვასწოროთ, ყველაფერი ვიღონოთ რომ ცხოვრება უწინდებურად წარვმართოთო, მაგრამ თითოეული ჩვენი შეცდომა, კვალს მაინც ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში..

      • Seymour Glass ამბობს:

        კვალს რა თქმა უნდა ტოვებს. მაგრამ მგონი ერთეულია ისეთი შეცდომები, რომლის შემდეგაც თავს ვერ ავწევთ და გზას ვერ გავაგრძელებთ. საკუთარი თავის გამო თუ არა, საყვარელი ადამიანების ხათრით მაინც.

      • anna ამბობს:

        გუშინ ნერვებმოშლილი ვჯექი და იმას ვფიქრობდი, დღეისთვის ნერვები დამეწყნარებინა. დედაჩემი რომ დამირეკავდა მშვიდი ხმით მეპასუხა და მეთქვარომ კარგად ვარ…
        რამდენ რამეს ვაკეთებ გარშემომყოფების გამო. ახლაც საწოლში ვიქნებოდი და დავიძინებდი მაგრამ აქ ვზივარ და საკუთარი თავი გამომყავს მდგომარეობიდან.
        გამომდის რაც მთავარია ^^

  2. Seymour Glass ამბობს:

    anna
    ეგ თუ გამოგდის, ნამდვილად გაქვს მიზეზი საკუთარი თავით იამაყო ^^

    • anna ამბობს:

      მარტო ამაყობა არ კმარა. სულ ასე გამომდის, მაგრამ რა ხეირი?:დ

  3. ირმის ნახტომი ამბობს:

    ძნელია ოქროს შუალედის პოვნა. ახლა ისეთი გაყინული ვარ… იქნებ ის შეცდომა რომ დამეშვა მაშინ ახლა ამას არ ჩავიდენდი… იქნებ რომ ჩამედინა ახლა უარესად ვყოფილიყავი… არ ვიცი… ვერ გაიგებ… სულ სხვის შეცდომებზე ვერ ისწავლი, შენი ძალიან მწარეა, სულ გაჩერდები და უფრო უარესი…

    • anna ამბობს:

      ყველაზე საშინელი და უაზრო ზუსტად ეგაა, სინანული, ვაიმე რომ არ მექნა და ა.შ…
      ჯანდაბამდე გზა ჰქონია ძველ შეცდომებს, მთავარია მყარად მადგას თავი კისერზე და ცოცხალი ვარ :დდდდ

      • stary,stary night... ამბობს:

        ამ წუთას შენ კი მარტივად გადაწყვიტე ეს პრობლემა:) სიმარტივეშია გენიალურობაო მაგასაც ამბობენ, მაგრამ, მაინც მგონია რომ ადამიანების უდიდესი პრობლემა სწორედ ამ სიმარტივისკენ დაკარგული გზაა.. ბევრს არ შეუძლია უბრალოდ “დაიკიდოს” ყველაფერი:)

      • anna ამბობს:

        საქმეც ისაა რომ არშეუძლიათ და არ შეიძლება ყველაფრის დაკიდება….
        მე ჰო, ვიწუწუნებ ერთი ორი დღე და ყველაფერი ყოველთვის კალაპოტში დგება, მაგრამ…

  4. Molly Bloom ამბობს:

    მძიმე პოსტია 😦

    გამოსავალი ყველგან არის და ყველაზე მძიმე სიტუაციშიც კი მოიძებნება, ასე მგონია მე. საქმე ის არის, რა ჯდება ეს გამოსავალი.

    ზოგჯერ საშინლად ძვირია. იმდენად ძვირი, რომ ხსნადაც ვერ აღიქვამ.

    • anna ამბობს:

      გეთანხმები…
      ცდებიან, როცა ამბობენ რომ გამოსავალი ყველაფრიდანაა…
      გამოსავლად არ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ცოცხალი რჩები და ცხოვრებას აგრძელებ. გააჩნია როგორ აგრძელებ ..

  5. axsiom ამბობს:

    რომ არა საკუთარი შეცდომები, არ ვიქნებოდით ისეთები– როგორებიც ვართ დღეს. შეცდომის დაშვებას ძალისხმევა არ ჭირდება და გამოსწორებად მხოლოდ ის მოქმედება მოიაზრება , როცა შენს ინტერესებს იმ ადამიანს დაუქვემდებარებ ვის წინაშეც თვლი თავს დამნაშავედ. გამოსავალი– შეცდომის გამოსწორებას არ ნიშნავს. გამოსავალი– შესაძლოა ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი არსებობდეს, მაგრამ შეცდომის გამოსწორება ყოველთვის( სამწუხაროდ ) არ არის შესაძლებელი. ნუ აურევთ ერთმანეთში შეცდომას და გამოსავლის ძიებას.

    • anna ამბობს:

      ჰო, მართალი ხარ….
      გამოსავალი– შესაძლოა ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი არსებობდეს, მაგრამ შეცდომის გამოსწორება ყოველთვის( სამწუხაროდ ) არ არის შესაძლებელი. -ყველაზე დიდი სიმარტლე

Comments are closed.