დედა

ლამის მთელი პოსტი დავწერე და წავშალე.

ვფიქრობ, დავადო თუ არა პაროლი და ამის მიხედვით ვცდილობ აზრები დავალაგო.

ბოლოს გადავიფიქრე ყველანაირი პაროლი.

დღესაც, რაღაც ტრადიციისამებრ, ნათიასთან ვარ და რაღაცებს ვკითხულობ. ძალიან მოუხშირა წუწუნს თავსუფლებაზე . უფრო სწორად, თავისუფლების არქონაზე. ხშირად ვეწინააღმდეგები ხოლმე, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი დედაჩემთან ერთად მეთქი, მაგრამ ამ ბოლო დროს ვამჩნევ რომ სულაც აღარ მინდა ეს…

დედასთან ცხოვრება უკვე აღარ შემიძლია. ამ დასკვნამ, ცოტა არ იყოს, ცუდ განწყობაზე დამაყენა, როგორ თუ არ გინდა–თქო, კონფლიქტი მქონდა საკუთარ თავთან, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა.

ვგრძნობ, რომ დედა მიმიხვდა ფიქრებს… შეშინებულია, ჰგონია, შვილი ხელიდან უსხლდება და სადღაც გარბის… საფრთხისკენ. არსად არ გავიქცევი, უბრალოდ მე უკვე მე ვარ. თითქმის ჩამოყალიბებული ადამიანი და ვიცი ამას დედაჩემი ვერანაირად ვერ ეგუება. ბოლო 4 წელი ფაქტიურად შორიდან მიყურებს, ხედავს როგორ ვიზრდები, ვყალიბდები, მაგრამ ვერ ხედავს რა შეიცვალა ჩემში, როგორ ვაზროვნებ, როგორ ვუყურებ მოვლენებს.

დედაზე საუბარი ყოველთვის მიჭირდა.

ახლაც, როცა ამას ვწერ, ასჯერ ვშლი და თავიდან ვიწყებ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.

ასევე ვეღარ ვუყრი სათქმელს თავს მასთან. ბევრი რამე მინდა ვუამბო, გავარკვიო, მივახვედრო. თუმცა მას ეს არც სჭირდება, უსიტყვოდ ხვდებოდა ყოველთვის ყველაფერს და ამიტომაც ეშინია.

მისთვის ახლა ყველაზე მძიმე პერიოდია.

მიხვდა რომ ბოლოსდაბოლოს გავიზარდე და საშინლად დარდობს. მე მის დარდს განვიცდი, მაგრამ არცთუ ძალიან… ისევე როგორც დიდად არ განვიცდი დედაჩემისგან შორს ყოფნას. ერთადერთი, რის აუცილებლობასაც ვგრძნობ, ისაა, რომ ახლა ჩემი სამყარო უნდა შევქმნა.

ახლა ჩემთვის, მშვიდად ვზივარ კომპიუტერთან, წერას ვასრულებ და მეღიმება.  კიდევ უფრო ძალიან მიყვარს დედა…

3 thoughts on “დედა

  1. siyvarulovna says:

    მე და თავისუფლება მუდმივ ბრძოლაში ვართ🙂

    რაც შეეხება დედას… საერთოდ ყველა მშობლეს უჭირს იმის აღქმა რომ მათი შვილი უკვე გაიზარდა და რომ სხვა სამყარო აქვს.

  2. veronika says:

    ძნელია წერო საყვარელ ადამიანზე,ამ შემთხვევაში კი დედაზე…არასდროს მზღუდავდა,სრულ თავისუფალ გარემოში გავიზარდე, ჩემს შვილებს მუდამ ცხარე კრუხივით ვიყავი გადაფარებული,ყველაფერი მინდოდა მცოდნოდა მათ შესახებ,რას ფიქრობდნენ?რა უხაროდათ და რა სწყინდათ?,მიყვარდა (ჩუმად) წამეკითხა მათი დღიურები,რომელსაც ჩემგან საგულდაგულოდ მალავდნენ…ვიცი ბევრი რამ ზედმეტი მომდიოდა,მაგრამ ვშიშობდი არაფერი გამომპარვოდა,რაც მათ ეხებოდათ…მინდოდა მათი უფროსი მეგობარი ვყოფილიყავი…არ,ვიცი რა იყო უკეთესი და რა უარესი,მაგრამ მათ გარეშე არცერთი დღე არ ვყოფილვარ,ისინი ავსებენ ჩემს ცხოვრებას…მე მათი ცხოვრებით ვცხოვრობ!

Comments are closed.