sweet childhood

ერთი კვირა საჩხერეში გავატარე , თითქმის პირნათლად მოვიხადე ჩემების წინაშე დადებული პირობა და სასწრაფოდ გამოვიქეცი უკან. დიდი ხანი ვერ ჩამიტყუებენ უკან , იმედი მაქვს..

სამაგიეროდ, იქ ყოფნისას უამრავი სასიამოვნო მოგონება “შევკრიბე” და გავხალისდი. მე რომ მკითხოს კაცმა, ჯერ კიდევ ბავშვი ვარ და კიდევ დიდხანს ვიქნები, მაგრამ ნამდვილი ბავშვობის გახსენება ძალიან კარგი რამეა, განსაკუთრებით, თუ ბედნიერი “პაწაწინობა” გქონდა …

ჩემი ბავშვობა რაღაცნაირი ოქროსფერი მახსოვს, სულ მზიანი და თბილი. ყველას ვუყვარდი და ხელისგულზე მატარებდნენ. განსაკუთრებით დედა. რაღაცებს ვიხსენებდი და მეღიმებოდა, დიდი ხანია ამდენი დრო დედაჩემთან არ გამიტარებია და საშინლად მომნატრებია.

არავის არ სჯერა, მაგრამ ყველაზე კარგად იცით რა მახსოვს? როგორ ვთქვი პირველი წინადადება. ლაპარაკი ცოტა გვიან დავიწყე, 2 წელზე მეტის ვიყავი, მანამდე თურმე ხმას არ ვიღებდი და ყველანი სწუხდნენ ჩემ გამო, ერთხელაც, ეზოში, ბებიას ვყავდი ხელში, როცა რაღაც ვთქვი… ბებიაჩემს კინაღამ ხელიდან გავუვარდი, ისე გაეხარდა . მე ვერ ვხვდებოდი რა ახარებდა, მე ხომ დიდი ხანია ვსაუბრობდი… ჩემს თავთან🙂

ძალიან მიყვარდა დედაჩემი როცა მეთამაშებოდა. ჭირივით მძულდა ყველანაირი სტუმარი, მეზობელი და მსგავსი არსებები, რომლებიც დედის ყურადღებაში მეცილებოდნენ. ერთი მომენტი განსაკუთრებით ტკბილად მახსოვს. დედა იცინის, ხელებში ვყავარ მოქცეული და პატარა, ზამბარებიან საწოლზე მახტუნებს… ის იღლება, სამაგიეროდ მე ვერ ვისვენებ და კიდევ ვითხოვ თამაშს.

უფრო დიდი , ბებიაჩემის დას ვესტუმრებოდი ხოლმე. უფრო სწორად , დედას დავყავდი. (მე2 კლასამდე სკოლაში რომ მაცილებდა, დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის) იმ სახლში ყოველთვის სითბო და სინათლე იყო, ბევრი ბალიშები და ფარდები, უამრავი საყვარელი და ჩემთვის იდუმალებით მოცული ნივთი, მაგრამ გამუდმებით ერთსა და იმავეს ვითხოვდი: მოეცათ ჩემთვის ლადო გუდიაშვილის ნახატების კრებული. მისი თვალიერება მიყვარდა ძალიან, ფერები მომწონდა და სულ ვცდილობდი რამე მსგავსი ფერი გამომეყვანა, მაგრამ ამაოდ. ჩემი არც ერთი ნახატი არასდროს არ დამსგავსებია გუდიაშვილს🙂 დღემდე ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მხატვარია და ალბათ ამაში ბავშვობის მოგონების ხელიც ურევია ..

ჰო კიდევ, დღევანდელი გადასახედიდან, არც ისე სასიამოვნო მოგონებაა, მაგრამ სასაცილო, როგორ დავათრევდი ყველგან ჩემს საყვარელ ბალიშს და როგორ წამაწყდებოდნენ ხოლმე თუნდაც ფეხზე მდგომს, სადმე მიყრდნობილს, იმ ბალიშითურთ. მადლობა ღმერთს, დიდხანს არ გამყოლია ბალიშის აქეთ-იქეთ თრევის სიყვარული, თორემ სავარაუდოდ ფსიქიატრიულში მიკრავდნენ თავს🙂

საინტერესოა, მაგრამ მომდევნო წლებიდან ბევრი არაფერი მახსენდება , რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი მოსაგონარი იქნებოდა… თუმცა ყველაფერი ბევრად უკეთ მახსოვს, თანმიმდევრულად და მკაფიოდ. ჰოდა, ველოდები დაძველებას , რამდენიმე წელიწადში, როცა უფრო “დავბერდები” კიდევ გავიხსენებ რაღაც-რაღაცებს🙂

სხვების ბავშვობის მოგონებებიც მაინტერესებს, სასურველია უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო , ჰოდა ამჯერად მარი და ნათია შემომეთაგნენ . ველოდები ტკბილ მოგონებებს❤

5 thoughts on “sweet childhood

  1. Mari says:

    რა მაგარია🙂
    როგორი ოქროსფერია ეს ნახატი🙂
    ისე, საინტერესო სანახავი იქნებოდი ბალიშით :))

  2. vekoo says:

    რა ლამაზი ფერებია ნახატზე.

    ერთადერთი რაზეც არასოდეს მიოცნებია, ხატვის ნიჭია

    • anna says:

      მაგაზე არც მე მიოცნებია :დ
      სიამოვნებით გავცვლიდი სიმღერის ნიჭში :((

  3. LiLaC says:

    მე მიოცნებია სამაგიეროდ, სიმრერასთან და ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად :)))

Comments are closed.