მოდი ერთად გავაკეთოთ რამე

ამბავი 1

– მოდი ერთად ვიაროთ ინგლისურზე

– მოდი ერთად ვიაროთ ცურვაზე

-მოდი ერთად ვივარჯიშოთ

 

ამბავი 2

-აუ გოგო დღეს ჩემი ბიძაშვილი ჩამოდის და ვერ წამოვალ.

  • უი მაშინ  მეც არ წამოვალ

-გუშინწინ რაღაც კისერი დამეჭიმა და მოდი ხვალ ერთად წავიდეთ ცურვაზე

-აუ დღეს არ გინდა ვარჯიშის ნაცვლად დავლიოთ?

  • კაი მაშინ მეც აღარ ვივარჯიშებ

 

 

ასეთი ამბები არის მილიონი. დაწყებული მათემატიკაზე ერთად სიარულით, დამთავრებული რითიც თქვენ გსურთ. მოკლედ, როცა ერთს ეზარება, მეორეც კარგავს მუღამს ხშირ შემთხვევაში. ჩელენჯები და მოდი ერთად დავიწყოთ-ები არის უხეშად რომ ვთქვათ, მკვდარი მკვდარს ეკიდებოდა ამბავი. ერთი ადამიანი ვერ პოულობს საკმარის მოტივაციას და უხმობს მეორეს რაღაც აქტივობაში ჩასართავად. მერე იწყებენ გაერთიანებული მოტივაციით და რამდენიმე კვირა რაღაც გამოდის.

მაგრამ.  ერთ მშვენიერ დღეს ერთი აცდენს აქტივობას – მეორეს ეკარგება მუღამი და მანდ იწყება, უი, მოდი მაშინ მეც აღარ გავაკეთებ ამას. რატომ აღარ გააკეთებ?

ჩავშალოთ. როცა რაღაცას ვიწყებთ, რისთვის ვიწყებთ? ვიწყებთ ჩვენი თავისთვის. თუ ვსწავლობ ინგლისურს, ამ ინგლისურით უნდა ვილპარაკო მე და არავინ სხვამ და ა.შ. რა წამოწყებაც არ უნდა გვქონდეს, თუ დედა ტერეზად ქცევა არ გადავწყვიტეთ, რა თქმა უნდა ჩვენი თავისთვის წამოვიწყეთ.  და თუ თავს ანებებ, ეს 70% გულისხმობს იმას, რომ შენი მეწყვილეც დაანებებს თავს. იმიტომ, რომ მარტო – აღარ უნდა. მარტო მოსაწყენია. ჰოდა ძალიან ცუდი.

არაფერს არ მოაქვს ისეთი კარგი შედეგი და ეფექტი, როგორც მარტო წამოწყებულ საქმეებს(რა თქმა უნდა ისეთებს, რომელთა განხორციელებაც მარტოც მშვენივრადაა შესაძლებელი) იმიტომ, რომ როცა მიდიხარ დასკვნამდე, რომ არავინ არ გჭირდება შენს წამოწყებაში და მარტოც მშვენივრად გაართმევ თავს, აი მაშინ უკვე ყველაფერი კარგად თუ არა, უკეთესადაა. არავისზე ხარ დამოკიდებული არც ფსიქოლოგიურად (აუ დღეს ვერ წამოვალ, აუ მაშინ მეც არ წამოვალ) არც ფიზიკურად (დღეს მისი მანქანით უნდა წავსულიყავით, მარშრუტკით მეზარება).

და თუ წაკითხვა გეზარებათ და მორალს ბოლო ფრაზაში ეძებთ, დაე: ყველაფერი უნდა აკეთო შენი თავისთვის, და არა მოდი ბევრი დრო მაქვს და ბარემ მეც შემოგიერთდებისთვის.

 

ბრეკეტები

გამარჯობა

დღეს ზუსტად ერთი კვირა გახდა, რაც ბრეკეტები გავიკეთე. რომელთა ჩასმაც ბავშვობიდან მინდოდა, მაგრამ ხან ფული არ ქონდა ჩემს ოჯახს, ხან მე დავხარჯე ბრეკეტებისთვის განკუთვნილი ფული უკვე მოზრდილ ასაკში.

მოკლედ, ფაქტია, ბოლოსდაბოლოს თავი მოვაბი და ახლა რატომ ვწერ ამ პოსტს. ვგიჟდები ბიფორ აფთერებზე და მინდა 2 წელში ჩემი ლამაზი კბილების ფოტო დავდო ამ ბრეკეტებიანი ფოტოს გვერდით:

13823632_1741022982834423_1598038022_n

მგონი საშინელებაა. არა ნამდვილად საშინელებაა და ცოტა აღშფოთებულიც ვარ ხოლმე, როცა მეუბნებიან, რად გინდოდა ბრეკეტები, ვერც გამჩნევდი, რომ ცუდი კბილები გქონდა, კბილებზე რამე გჭირდა და ა.შ. როგორ შეიძლება ასეთი კბილები ვერ შეამჩნიო არ მესმის, ან შესაძლოა გამძაფრებული რეაქცია მაქვს ცუდი კბილების პატრონს, უბრალოდ.

ნუ ფაქტია, 2 წლის შემდეგ ყველა ფოტოში გავიცინებ და არ გავიღიმებ მორცხვად, როგორც ამას ჩემი ფოტოების 99%ზე ვაკეთებდი.

ბრეკეტების გაკეთების პროცესზე:

ვიზიტი ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში.

გავიარე კონსულტაცია ორთოდონტთან, თუმცა მანამდე სატელეფონო კონსულტაციით შემამზადეს, რომ პანორამა გადამეღო ავერსის კლინიკაში. ზოგიერთ კლინიკაში იქვე იღებენ პანორამას. ავერსში 30 ლარი ღირდა. მოკლედ პანორამის გარდა დამჭირდა მხოლოდ კბილების გაწმენდა, სხვა მხრივ, კარიესი, ღრძილების პრობლემები და ა.შ, არაფერი აღმომაჩნდა, რამაც ძალიან გამაბედნიერა (კარიესი არ დაუდგენიათ არც მანამდე, სხვა კლინიკებში ვიზიტისას, ასე რომ მხოლოდ ერთჯერადი დიაგნოზის არ დამიჯერებია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ფაქტებს ვამოწმებ ცხრაჯერ)

ორთოდონტმა დამინიშნა ბრეკეტების გაკეთების დღე და ძლივს მოვითმინე რამდენიმე დღე, ძალიან ვინერვიულე. ამდენი წელი ველოდებოდი ამ დღეს ბოლოსდაბოლოს 🙂 ბრეკეტების “ასხმის” პროცესი სრულიად უმტკივნეულოა, უბრალოდ დაახლოებით საათი ან მეტი გრძელდება და ცოტა დამღლელია.

პირველი ეფექტი, როცა პირს ხურავ, საშინელია და მე პირადად კედლებს მივაწყდი სარკის ძებნაში, რომ საკუთარი თვალით დამენახა უცხო სხეულებით გამოტენილი პირი. ძლივს ამოვიღე ხმა, იმდენად დიდი დისკომფორტი შემიქმნა.

აღარაფერს ვამბობ ჭამაზე, კოცნაზე, სიცილზე, ტკივილზე (!). ტკივილი საშინელებაა, მაგრამ ბოლოს იმდენად გამუდმებულად გტკივა, ეჩვევი. მხოლოდ ერთხელ დავლიე გამაყუჩებელი და შემდეგ მივეჩვიე. ამბობენ, რომ 1 კვირის შემდეგ ტკივილი ქრება. ახლა ზუსტად 1 კვირაა გასული და ცოტა კიდევ მტკივა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კბილებზე მექაჩებიან პატარა კაცუნები და გამუდმებით არყევენ.

ცუდი ამბავი – ეტაპობრივად ამოსაღები მექნება სიბრძნის კბილები, რომლებიც არასწორად იზრდება, აწვება უკანა კბილებს და შესაძლოა დააზიანოს, ამიტომ დროზე უნდა ამოიღონ. ეს საკმაოდ რთული საქმეა და მეშინია ძალიან. ცალი ყბით საჭმლის ძლივს ჭამა ვერ არის იოლი ამბავი, მაგრამ არაუშავს.

კარგი ამბავი – მე განსხვავებას კბილების ძველ და ახალ წყობას უკვე ვამჩნევ. და არ მეჩვენება, იმიტომ რომ საგულდაგულოდ მქონდა შესწავლილი ყველა ჩემი ცუდი კბილის ფორმა/ადგილმდებარეობა.

გაგრძელება აუცილებლად იქნება!

 

აფდეითი –  5 თვის შემდეგ

braces

და ა.შ

პოსტებს ვეღარ ვწერ. ისეთი ძველმოდური გავხდი, ლამისაა, წამოვაყრანტალე, ბლოგებს ვეღარ ვწერ-მეთქი. ეგ არაფერი, ახლა წარმოვიდგენ რომ ამ პოსტს არავინ წაიკითხავს, ისევე როგორც ჩემს დამწვარ დღიურებში ნაჯღაბნ სისულელეებს და შევუდგები.

რისთვის ვწერ? უბრალოდ მინდა გავიდე 1 წელი, ჩემი ნაწერი წავიკითხო და რამე ვთქვა. თუნდაც დავაშეარო.

აბდაუბდა შეგრძნებებზე უნდა ვწერო.

რამდენიმე დღის წინ ცხელი სავარძელი ვითამაშეთ მეგობრებმა. ძალიან გულახდილი თამაშია, ყოველშემთხვევაში ჩვენ ლამის გულსატკენი კითხვები დავუსვით ერთმანეთს. მაგალითად, კოტეს ვკითხე, რა აღიზიანებდა ჩემში და საჯაროდ მოვისმინე მათზე პასუხები, რომლებზეც პასუხი პრინციპში ისედაც ვიცოდი გულის სიღრმეში, მაგრამ საყვარელი ადამიანისგან მოსმენილი მაინც უცნაურად ჟღერს – აი იცით როგორ? თითქოს შენი ტყავიდან ძვრები და სადღაც კუთხიდან აკვირდები შენს თავს. ეს სარკეში ანარეკლის ყურებას არ გავს. სულ სხვა გრძნობაა და დიდხანს მემახსოვრება ალბათ. ხშირად ვეცდები საკუთარ თავს დავაკვირდე და ვაკონტროლო.

სეირნობა ვისწავლე და შემიყვარდა ძალიან. ამ ბოლო დროს იმდენად ჩქარა ვცხოვრობ, სამსახური, ბავშვი, სახლიდან სამსახურში გავრბივარ და გზაში ვკითხულობ – იმიტომ რომ სხვა დრო დიდად არ მაქვს ამისთვის. მერე უკან გზაზეც ვკითხულობ და ასე გადის დღეები უჩემოდ. ჰოდა გადავწყვიტე, ყურადღებით დავაკვირდე ყველაფერს , რაც ქუჩაში ხდება, ხანდახან წიგნი მოვისროლო და ფეხით ვისეირნო. სხვათაშორის ძალიან სასიამოვნო ყოფილა. მიყრუებულ ქუჩებში შეხვევა, იმ ბარებთან ჩავლა, თავის ერთგული სტუმრები რომ ყავს, რაღაცნაირი შინაურული სული რომ ტრიალებს, თუმცა შენ ფეხიც არ შეგიდგამს. კიდევ ხეების ქვეშ გავლა შემიყვარდა .  კარგა ხანია არ შემინიშნავს როგორ მწვანდება თბილისი, იმის მიუხედავად, რომ ყოველ წელს უფრო ნაკლები ხე რჩება ქალაქში (მილიონ ხეზე მსმენია, დიახ).

პატარ პატარა სიკეთეების ჩადენა დავიწყე – ალბათ ისეთ ადამიანებს ვბაძავ, რომლებზეც ამბობენ, რომ საიმედო მეგობრები არიან. ყოველშემთხვევაში, ჩემი გულისხმიერების ლეველმა ერთიორად აიწია. როგორც კოტე ამბობს, ჩემმა შვილმა გამაკეთილშობილა და ნაწილობრივ ვეთანხმები კიდეც, თუმცა უფრო კოტესთან თანაცხოვრებამ გამომასწორა – 3 წლის მანძილზე რაც კოტეს ვიცნობ, არასდროს მინახავს მასზე უფრო კეთილშობილი, წესიერი და კარგად აღზრდილი ადამიანი და ალბათ ზუსტად ეს ფაქტორი ახშობს ჩემს მრისხანებებს , ბრაზებს, ბოროტებების ჩადენი სურვილებს და კარგი საქმეების ჩადენისკენ მიბიძგებს. არა, არ იფიქროთ, რომ ყველაზე საშინელი ადამიანის პოსტს კითხულობ. უბრალოდ სხვა სიკეთეებთან ერთად გულახდილი ვარ.

ფარხმალის დაყრა მშვენივრად ვიცოდი. ახლა ასხმა ვისწავლე – ეს მეტწილად ჩემი საუკეთესო მეგობრის დამსახურებაა. 23 თებერვალს, როცა დაბადების დღე მომილოცა უზარმაზარი სტატუსით, თქვა, რომ ძალიან ძლიერი ვარ და როცა რაღაც მინდა, აუცილებლად ვასრულებ ამ რაღაცას. მგონი დაახლოებით ასე თქვა. დიდხანს ვიფიქრე, მართლა ასეთი ვიყავი თუ არა და გამახსენდა  მიტოვებული საქმეები და გადადებული დაპირებები. მერე გამახსენდა, უკიდურესი სასოწარკვეთის, უბედურების, შიშის, განადგურების, ჩავარდნების დროს როგორ ვიქცევი: კი, ასეთებიც ხდება, კი, შეცდომებს ვუშვებ, მაგრამ მერე ამ შეცდომებს აუცილებლად ვასწორებ. ნელ ნელა, მაგრამ ვასწორებ.

კიდევ ვისწავლე რაღაცები, მაგრამ არ მახსოვს. მგონი ესეც საკმარისია

 

 

 

წინასადაბადებისდღეო ფიქრები და თავის ტკივილები

ხანდახან ისე მინდა პოსტის ფანჯარა გავხსნა და რამე ყლეობაზე დავწერო, ისე როგორც ადრე ვწერდი. ჰო, ზუსტად ასე, მაგალითად იმაზე, როგორ ვიყიდე 5 კაბა, როგორ წავედი ბლოგერების ექსკურსიაზე, ან როგორ ვჭამე პიცა მეგობრებთან ერთად ორლარიან კაფეში და რამაგარი იყო ეს, მაგრამ არც 5 კაბა მიყიდია, არც ექსკურსიაზე წავსულვარ და არც პიცა მიჭამია დიდი ხანია (არა , ვჭამე, ქუჩაში ნაყიდი ზუსტადაც ორლარიანი პიცა, მაგრამ საშინლად უგემური იყო და ამაზე დაწერა არ ღირს )

სჯობს ისევ ჩემს მოახლოებულ დაბადების დღეზე დავწერო, მით უმეტეს, ასეთი ნოსტალგიები შემიპყრობს ხოლმე ყოველ წელს, ერთი თვით ადრე ჩემს დაბადების დღემდე და თითქმის ყოველ წელს, სადღაც ამ დროს პოსტს ვუწერ საკუთარ თავს, სადაბადებისდღეოდ. არც ეს წელია გამონაკლისი.

წინა წლებისგან განსხვავებით, როცა მაგალითად 2014 წელს დედაჩემი კლინიკაში იწვა და მასთან ვიყავი, ან როცა 2015ში, სახლში მარტო, 2 თვის ბავშვთან ერთად ვატარებდი საკუთარ დაბადების დღეს, მინდა საკუთარ 25-ე დაბადების დღეს შევხვდე გენიალურად, გადასარევად, საინტერესოდ, მხიარულად, განსხვავებულად.

რა ვქნა? გადავიხადო დაბადების დღე, დავპატიჟო მეგობრები, “მეგობრები” და მეგობრებთან გათანაბრებული პირები? ქვეპუნქტად ჩავშლი: სახლში გადავიხადო თუ სადმე ? სახლში არყიანი ჭიქების და ტორტიანი თეფშების რეცხვა მეზარება, სადმე გარეთ კი სათანადოდ ვერ გამოტყვრომის დისკომფორტი მაქვს.  ალბათ მონეტას ავაგდებ, თუ მაინც დავაპირებ დაბადების დღის  ასე გადახდას.  ერთი ნამდვილად ვიცი, სამსახურში ტორტს მივაბრძანებ, როგორც ადეკვატურ თანამშრომელს შეეფერება 🙂

იდეა #2: ეს იდეა პრინციპში წლებია მაწუხებს, მაგრამ თავს როდის მოვაბამ კაცმა არ იცის – წავიდე სტრიპტიზ ბარში, იქაც გამოვტყვრე და საბოლოოდ ბოძზე აღმოვჩნდე სტრიპტიზიორის ნაცვლად – არ გამოვა, ამერიკული ფილმის სცენარს კი გაქვს, მაგრამ ალბათ დაცვა გარეთ გამომაგდებს 😀

იდეა#3 – დავივიწყო დაბადების დღე, ფეისბუქზე გადავამოწმო, დაჰაიდებული მაქვს თუ არა თარიღი, რომ ვერავინ გამომიჭიროს, ბურიტოსავით გამოვიკეტო სახლში და ფეისბუქზე ბედნიერად დავპოსტო ფემილი ფიქჩა? – ძალიან ინტროვერტული გადაწყვეტილებაა, ასეთი ინტროვერტიც აღარ ვარ (ეს დასკვნა მაშინ გავაკეთე, როცა წინა სამსახურიდან წამოსვლისას გამოსამშვიდობებლად ნამცხვარიც კი მივიტანე :დ)

იდეა#4 ავიღო დეიოფი, მოვკიდო კოტეს ხელი და წავიდეთ ბათუმში, ბევრი ვიხეტიალოთ და დავლიოთ გლინტვეინი და ათასი უბედურება.  კალენდარს ჩავხედე და სამშაბათსაა ჩემი დაბადების დღე, ბათუმში წასასვლელ, ორდღიან დეიოფს ვერ გამოვკრავთ ხელს (ალბათ) ყოველიშემთხვევისთვის, ეს იდეა საკმაოდ რეალურად მეჩვენება.

იდეა#5 , #6 და ა.შ ჯერჯერობით არ მაქვს, ასე რომ შეგიძლიათ დამეხმაროთ და მირჩიოთ ნებისმიერი სისულელე, რაც შეიძლება ჩაიდინო მაშინ, როცა 25 წელს მიუკაკუნებ.